12.09.2012

არჩევნების გაყალბების რა მეთოდებებს იყენებს მთავრობა

არჩევნები,

როგორ დაიხვეწა და შეიცვალა ხელისუფლების მცდელობები, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე და წინა წლებისგან განსხვავებით, არჩევნების გაყალბების რა მეთოდები გამოიყენება საქართველოში?

2004 წლიდან დღემდე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს სადამკვირვებლო მისიების ანგარიშების ანალიზი ცხადყოფს, როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე საარჩევნო დარღვევების სახეები. თუმცა, “ვარდების რევოლუციამდე” არსებული მასშტაბური სახის დარღვევები: საარჩევნო ყუთების გატაცება, საარჩევნო ყუთებში ათეულობით ბიულეტენის ერთდროულად ჩაყრა, საარჩევნო კარუსელები, თითქმის არ დაფიქსირებულა.

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” ყოფილი თანამშრომელი ნინა ხატისკაცი ამობს, რომ  არჩევნების შედეგებზე ბოლო წლებში ზემოქმედება ხდება არა უშაუალოდ არჩევნების დღეს, არამედ წინასარჩევნო პერიოდში და ხელისუფლების ქმედებები, ძირითადად, კანონიერ ჩარჩოებშია მოქცეული, თუმცა, აშკარა კანონდარღვევებიც სახეზეა.


არათანაბარი პირობების შექმნა საარჩევნო კამპანიისას – ეს არის ძირითადი ბრალდება, რომელსაც ოპოზიციური პარტიები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმდინარე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უყენებენ.


რამდენიმე კვირის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს თანამომხსენებლებმა –მაიკლ ასტრუპმა (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) შეშფოთება გამოხატეს იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაყადაღებულ იქნა ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" საბანკო ანგარიშები, რაც აფერხებს კოალიციის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას.

“გადამეტებული და არაპროპორციული ჯარიმები, რომლებიც დაკისრებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, მნიშვნელოვნად უშლის ხელს ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ ფუნქციონირებას”, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

აუდიტის სამსახურის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრის საფუძველს იძლევა ბოლოდროინდელი მოვლენებიც. მაგალითად, როცა აუდიტის სამსახური ოპოზიციონერთა მიერ სამართალდარღვევის საქმეების წარმოებას იწყებდა, საზოგადოებას დეტალურად აცნობდა სავარაუდო სამართალდამრღვევთა ინფორმაციას.


როცა აგვისტოს მიწურულს “ნაციონალური მოძრაობის” ხუთი შემომწირველი ცნო სამართალდამრღვევად, მათ შესახებ ინფრომაციის მოპოვება შეუძლებელი გახდა. აუდიტის სამსახურმა გაურკვეველი მიზეზებით არ გაასაჯაროვა სამართალდამრღვევთა ვინაობა, მათი ვინაობის გამხელაზე უარი თქვეს “ნაციონალურ მოძრაობაში” და ეს აუდიტის სამსახურის კომპეტენციად მიიჩნიეს.


ორგანიზაცია “ამომრჩეველთა ლიგის” ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე ამბობს, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაყალბების მეთოდები დაიხვეწა და გაყალბების ძირითადი სამუშაო წინასაარჩევნო კამპანიისას კეთდება.


“ეს გულისმხობს ინფორმაციის ალტერნატიული წყაროს გადაკეტვას, ფულადი სახსრების გადაკეტვის მცდელობას – დაყადაღებები, ჯარიმები, პოლიტიკური დევნა და სამსახურიდან ადამიანთა გაშვება, დაშინება და შანტაში. ასევე, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები”,  – ამბობს კოკა გუნცაძე.

საერთაშორისო დამკვირვებლები 2012 წლისგან განსხვავებულ პრობლემებზე საუბრობდნენ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ასევე, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისას.


2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მას ვრცელი ადგილი დაუთმო ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ თავის ანგარიშში.


“სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის გამყოფი ხაზის ბუნდოვანებამ არათანაბარი საარჩევნო გარემო შექმნა და დავის მიზეზად იქცა. პენსიონერებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის კომუნალური და სამედიცინო ვაუჩერების დარიგება გააკრიტიკეს, როგორც მიხეილ სააკშვილის კამპანიის სასარგებლოდ საბიუჯეტო სახსრების აშკარა გამოყენება”,  – ნათქვამია ეუთოს მიერ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომზადებულ ანგარიშში.


ეუთოს დამკვირებლები ამის დასადასტურებლად კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებენ. მაგალითად, ვაუჩერებში ნათლად იყო მითითებული, რომ ეს პრეზიდენტის ვაუჩერი იყო, ზოგიერთ ვაუჩერზე კი ღიად ეწერა ციფრი “5”, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერია 2004 წლიდან, აღნიშნულ ვაუჩერებს კი “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიგებდნენ.


ეუთოს სადამკვირვებლო მისიების მიერ 2004 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე მომზადებულ ანგარიშებში ერთ–ერთ ძირითად პრობლემად გამოყოფენ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს. მაგალითად,  ეუთოს დამკვირვებლების “სერიოზულ შეშფოთებას” იწვევდა “საუბნო საარჩევნო კომისიების უუნარობა, დაეცვათ სათანადო დისტანცია მმართველი პარტიებისგან, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ჩარევა ქვედა დონის კომისიების საქმიანობაში.


ეუთოს დამკვირვებლებმა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას უბნების გარკვეულ ნაწილში ხმების დათვლის პროცესი ნეგატიურად შეაფასეს.


“საშუალოდ ხუთიდან ერთ შემთხვევაში ხმების დათვლის პროცესი შეფასდა როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი, მნიშვნელოვანი პროცედურული შეცდომები და გამორჩენები იქნა დაფიქსირებული ხმების დათვლის შემთხვევებიდან ერთ მეოთხედზე მეტ  შემთხვევაში. საშუალოდ ხუთი საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთში დაფიქსირდა პრობლემები ოქმების შევსების დროს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების ერთ მესამედზე მეტში ოქმები არ გამოქვეყნებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონი ითხოვს”, – ნათქვამია ეუთოს დასკვნაში.


საარჩევნო საკითხების სპეციალისტი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ბოლო წლების ტენდენციაა და ეს გამოჩნდა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი, არ დაერღვია კანონი, რისი შედეგიც იყო კანონის ზღვარზე გავლის შემთხვევები, შეიძლება, კანონი არ ირღვეოდა, მაგრამ კანონის არსიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთი პარტიის სასარგებლო ქმედებები ხორციელდებოდა.


“მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ საჯარო მოხელეების მასობრივი გასვლა შვებულებაში, რადგან კანონი ამბობს, თუ საჯარო მოხელე შვებულებაშია, მას თავისუფლად შეუძლია საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. 2010 წელს არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდა, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტებს ყველაზე მეტი საქმე აქვთ გასაკეთებელი, თუმცა, თანამშრომელთა 30–40% შვებულებაში იყო გასული და საარჩევნო კამპანიაში იღებდა მონაწილეობას”, –  ამობს ნინა
ხატისკაცი და იქვე დასძენს, რომ სამწუხაროდ, არ არსებობს მექანიზმი, რომლითაც გაიზომებოდა, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებით ხელისუფლებამ ხმების რამდენი პროცენტის მობილიზება შეძლო.