ახალი ამბები

ვნებათაღელვა ახალ მეჩეთთან დაკავშირებით

30 იანვარი, 2012 • 1629
ვნებათაღელვა ახალ მეჩეთთან დაკავშირებით

აზიზიეს მეჩეთი  ძველ ბათუმში
აზიზიეს მეჩეთი ძველ ბათუმში

საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრების მიერ ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას თურქული ინტერნეტმედია აქტიურად გამოეხმაურა.  27 იანვარს მიღწეულ ამ შეთანხმების შესახებ ძალიან ბევრმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია. აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე დაიწერა ქართულ მედიაშიც. ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია.

ხელშეკრულების დეტალების შესახებ ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი თვით აჭარის მუფთისთვისაც. ჯემალ პაქსაძე: „ვერ გეტყვით, ჩვენს მრევლს მიეცემა თუ არა ამ მეჩეთში ლოცვის შესაძლებლობა. ჩვენ გვინდა, რომ ასე იყოს. ხელისუფლება გონიერია და ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება გადაწყვეტილი.

არც მშენებლობის ადგილის შესახებ ვიცით რამე. ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების გადაწყვეტილების შესახებ მრევლმაც ტელევიზიით გაიგო. ჩვენ გვინდა მეჩეთი, ოღონდ ეს უნდა იყოს ქართული არქიტექტურით შესრულებული ნაგებობა, რომელიც იქნება არა თურქეთის სახელმწიფოს, არამედ საქართველოს სამუფთო-სამმართველოს დაქვემდებარებაში. ტაძარი უნდა იყოს ქართული. რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩვენი სურვილია“.

ამ მშენებლობას საჯაროდ ეწინააღმდეგება  „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე: „ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთის სახელმწიფოში უნდა გადარჩეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსები. სვეტიცხოვლის შეთანხმების მე-10 მუხლის მიხედვით კი, რომელსაც ხელს შევარდნაძე და პატრიარქი აწერენ, თუ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართული ეკლესიების რესტავრაციაზე დაიწყებს ფიქრს, ის საპატრიარქოს უნდა შეუთანხმდეს.

თურქეთის ისლამისტური სახელმწიფო საკუთარ რელიგიურ გეოგრაფიას აფართოებს. რელიგიური გეოგრაფიის გაფართოება კი ჩვენი ხალხის ინტერესში არ შედის. ჩვენს ინტერესში შედის თურქეთთან ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა. მე უამრავი მუსლიმი მეგობარი მყავს და ისინიც კატეგორიული წინააღმდეგნი არიან ბათუმში სხვა ქვეყნის მიერ ასეთი ექსპანსიური პოლიტიკისა. ეს ქართველი ხალხის ღირსების შელახვაა. ამიტომ ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან ჩვენ ერთ ხალხმრავალ აქციას გავმართავთ და ოფიციალურად გავაფრთხილებთ თურქეთის სახელმწიფოს, რომ არ გაბედოს ამ მშენებლობის დაწყება. თუ მშენებლობა მაინც დაიწყება, საქართველოში მოვა ეროვნული მთავრობა და ხელშეკრულება ცალმხრივად გაუქმდება. ეს პოლიტიკური ხასიათის ხელშეკრულებაა, ამიტომ პასუხისმგებლობა ორივე ქვეყნის ხელისუფლებას უნდა დავაკისროთ“.

მურმან დუმბაძე, რომლის ინიციატივით ბათუმში მეჩეთის მშენებლობის იდეის წინააღმდეგ გასულ წელს აქცია გაიმართა და რომელშიც ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინტენსიურ აქციებს არ გამართავენ: „პროვოკაციას პროვოკაციით არ ვუპასუხებთ. სააკაშვილს სურს, ქუჩაში გამოვიდეთ და საარჩევნო პერიოდის წინ დაიჭიროს ლიდერები. მას ამის საშუალებას არ მივცემთ“.

ორი ქვეყნის კულტურის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესახებ საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია საქართველოს საპატრიარქოს, თუმცა აქამდე მუდმივად ამბობდა, რომ არ ეთანხმება ბათუმში მეჩეთის მშენებლობის იდეას. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე, ალავერდის მიტროპოლიტი დავითი „ბათუმელებთან“  ამბობს, რომ თურქეთის სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება მას ჯერ არ უნახავს, ამიტომ ხელშეკრულების გაცნობამდე ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ბათუმში სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების შესახებ საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტრებმა გასულ კვირას განაცხადეს. მინისტრების თქმით, ქართული მხარე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების- ოშკისა და იშხანის– რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქეთს საქართველოში აზიზიეს მეჩეთის აღდგენასა და ახმედიეს კომპლექსის რესტავრაციას სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი