2012.08.31

'ოცნების' სია

კოალიცია "ქართული ოცნება",

საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" პარტიული სიის პირველი ნომერი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძეა.

“რატომ კახი პირველ ნომრად? ამას დიდი დატვირთვა აქვს. ის ახალი სახე გახლავთ ამავდროულად, ესეც საინტერესოა. ხალხი ძალიან ითხოვდა ახალ სახეებს და ამასაც ძალიან კარგად აკმაყოფილებს კახი კალაძე.

კიდევ იმიტომ, რომ ჩვენს პარტიას ნახევარზე მეტი ხმა უნდა ჰქონდეს კოალიციაში, ესეც დავიცავით. ამ მხრივაც კარგი თანხვედრაა, რომ რამდენადაც ლიდერია ჩვენი პარტია, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” იმდენად, უნდა წარმოდგენილიყო თუ გნებავთ პირველი პირი ჩვენი პარტიიდან. ეს ლოგიკურია”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილმა, ასევე, გაიხსენა კახი კალაძესთან პირველი შეხვედრა:

 

“კახა კალაძე ძალიან ნიჭიერი კაცია. ძალიან თავდადებული. მე მახსოვს პირველი შეხვედრა მასთან და როდესაც ვკითხე, მე მაქვს სურვილი გვერდით დაგიყენო, გამაწყვეტინა და მითხრა, რომ როგორც შეგიძლიათ, იქ დამაყენეთ, სადაც დამაყენებთ, თანახმა ვარ, თავზე რომ დამაყენოთ, თავზე დავდგები და ვიქნები თქვენს გვერდით. იმ დღიდან მოყოლებული, ეს პოზიცია უჭირავს მუდამ. ერთადერთი, რაც აკლია კახის, ეს არის მისი გამოცდილება პოლიტიკური და პარტიული მუშაობის მხრივ, თუმცა, ამას ისიც თვითონ გაიგებს და მეც დავაკვირდები”.

 

ივანიშვილის თქმით, პარტიულ სიაში კალაძის შემდეგ რიგითობა პარტიების თავმჯდომარეების მიხედვით გადანაწილდა:

 

სიაში მეორე ნომერია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მანანა კობახიძე, მესამე - "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი - ირაკლი ალასანია, მეოთხე - "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, მეხუთე - "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, მეექვსე - "ეროვნული ფორუმის" ლიდერი გუბაზ სანიკიძე, მეშვიდე - "კონსერვატორების ლიდერი" ზვიად ძიძიგური. 

 

სიაში მერვე ნომერია მეცნიერი ივანე კიღურაძე, ხოლო მას მოსდევს შტაბის უფროსი დავით საგანელიძე და "ქართუს" ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ამის შემდეგ ისევ სხვადასხვა პარტიის ლიდერები არიან სიაში: მეთერთმეტე ნომერია "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი, მე-12 - "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გია ჟორჟოლიანი და მე-13 - "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. სიაში მე-14 ადგილი უკავია კოალიცია "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერს მაია ფანჯიკიძეს.

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ასეთივე რიგითობას სთავაზობდა ის სიაში "ქართული დასის" ლიდერს ჯონდი ბაღათურიას:

 

"მაგრამ სულ ბოლოს შეწყვიტა ჩვენთან, შემდეგ გავაკეთოთ ანალიზი, რა მოხდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

საარჩევნო ბლოკის ლიდერმა განაცხადა, "ოცნების" გამსვლელი სია ითვლის 61 კანდიდატს:

 

"სიაში 61-ე ნომერია ჩემი თანაკურსელი თამაზ მეჩიაური და ის უნდა შევიდეს პარლამენტში," - განაცხადა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, სიის ბოლო - მე-200 ნომერია ვახტანგ ხმალაძე, რომელმაც, ივანიშვილის თქმით, თვითონ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ხმალაძე კოალიციის მიერ დიდუბეშია წარდგენილი მაჟორიტარ კანდიდატად.

 

დღესვე ივანიშვილმა "ოცნების" მაჟორიტარები დაასახელა ნინოწმინდაში - ალბერტ ნურბეკიანი და მარნეულში - მაჰირ ტარზიევი.