ახალი ამბები

“საქართველოში ფსიქიატრიული სერვისის დეფიციტია”

29 დეკემბერი, 2011 • 2078
“საქართველოში ფსიქიატრიული სერვისის დეფიციტია”

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთლობის პრობლემების მქონე ადამიანათა რიცხვი 2010 წლიდან 2011 წლამდე ორი ათასით გიზარდა. ამ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებზე ნეტგაზეთთან საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გელეიშვილი საუბრობს.

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ დაასრულა კვლევის – „თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურის განვითარება საქართველოში“ –ანგარიშზე მუშაობა, რას იყო კვლევის მიზანი?

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც  რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, აღნიშნულ კვლევაზე 20 თვის მანძილზე მუშობდა.  კვლევა ისახავდა მიხნად საქართველოში ფსიქიატრიული სერვისის შესწავლასა და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზების ჩვენებას.

ანგარიშში ძირითადი აქცენტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე დაყრდნობით ამბულატორიული სერვისის მოდელირებასა და პილოტირებაზე გაკეთდა.

რას ამბობს კვლევის შედეგები, რა გამოწვევები არსებობს საქართველოში?

ძალიან ბევრი პრობლემიდან შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე. პირველ რიგში, ამ სფეროს დაფინანსება არის ძალიან მწირი. მაგალითად დღეს, ამბულატორული მომსახურების დროს, ერთ პაციენტზე, საუკეთესო შემთხვევაში, დღეში 50 თეთრი იხარჯება. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ოპტიმალურ შედეგს, საჭიროა თანხა, სულ მცირე, დღეში სამ ლარამდე გაიზარდოს.

რეფორმის ფარგლებში ახალგახნილ სტაციონარულ დაწესებულებებში კი პაციენტთა მოვლა და მკურნალობა მიუახლოვდა სასურველ სტანდარტს. დღეში საშუალოდ 60 ლარი იხარჯება ერთი პაციენტის მკურნალობაზე.

სტაციონარის გარეთა სამსახურში კი, სამი ლარი დაჯდება. მთელი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რატომ უნდა დავხარჯოთ 60 ლარი, როდესაც შესაძლებელია 3 ლარის დახარჯვა.

სტაციონარის გარეთა სამსახური მობილურ სერვისს – პაციენტების ბინაზე მომსახურების სერვისს, ფსიქო – სოციალური სერვისსა და ფსიქოტროპული მედიკამენტებით სრულფასოვნად უზრუნველყოფას გულისხმობს.

თუკი ინვესტირება ამ გარე სერვისებში განხორციელდება, ეს სტაციონარულ ხარჯებს შეამცირებს. კვლევის მიხედვით, საჭიროა ამბულატორიული სერვისი სამ ლარამდე მაინც გაიზარდოს, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, ჰოსპიტალიზაციისა და რეჰოსპიტალიზაცის ხარჯები დაახლოებით 50 %–ით შემცირდეს.

გარდა ამისა, როდესაც ადამიანი მკურნალობს საცხოვრებელ გარემოში,  მას არ უწევს ოჯახის მიტოვება, ნაკლები არის ტრავმა. ჰოსპიტალიზაცია ინვალიდობის ხარისხსა და სიხშირესაც ზრდის. ადამიანი, რომელიც ხშირად არის საავადმყოფოში, კარგავს სამსახურს, სოციალურ უნარებს, მისი მეგობრების წრე მცირდება, იზოლირებულია, კომუნიკაციის უნარები ეკარგება.

დღეს რამდენი ასეთი საავადმყოფოა?

ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში რეგისტირებულია სულ 81 ათასი  ადამიანი. აქედან დაახლოებით 14 ათასი ყოველთვიურად საავადმყოფოს გარე სამსახურს მიმართავს. ამის პარალელურად ყოველდღიურად დაკავებულია 1400 ფსიქიატრული საწოლი.

სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია ეს რიცხვი?

80 –იანი წლების ბოლოს საწოლების რაოდენობა საქართველოში აღემატეობდა 5 ათასს.  90–იანების შემდეგ საწოლების რაოდენობა უეცრად 1000 – მდე შემცირდა. დღესდღეობით ცოტა გაზრდილია და 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 30 საწოლია. ეს მაჩვენებელი დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია. ევროპაში საშუალო მაჩვნებელი 80–87 საწოლია.

რატომ არის ასეთი სხვაობა?

საქართველოში ფსიქიატრიული სერვისის დეფიციტია. დასავლეთში საავადმყოფის გარეთა სერვისი ვითარდება. ჩვენი კვლევით სწორედ ამის ლობირებას ვცდილობთ. როდესაც იზრდება გარე სამსახური, ჰოსპიტალიზაციაზე ხარჯები მცირდება. გარე სამსახური უფრო მეტად ხარჯეფექტურია. რეფორმის გარგლებში შვიდი ფსიქიატრული განყოფილება გაიხსნა მიმდინარე წლის ივნისიდან, რომელთა ინფრასტრუქტურა ბევრად მეტი ჯდება, ვიდრე ამბულატორიების განვითარება. სტაციონარს ჭირდება პალატები, განყოფილებები, ამბულატორიას– მხოლოდ საკონსულტაციო ოთახები და მანქანა, რომელიც პერსონალის ბინაზე მისვლას უზრუნველყოფს.

საქართველოში გარე სამსახური არ ვითარდება. ნაცვლად ამისა, ბოლო მონაცემები გვიჩვენებს, რომ ეს სამსახური უარესდება.

არის დღეს ასეთი გარე სერვისები განვითარებული?

დღეს არის 19 ფსიქიატრიული ამბულატორია და რამდენიმე კაბინეტი. სულ არის 30 ადგილი, სადაც შესაძლებელია ადმიანი მივიდეს, მიიღოს კონსულტაცია და წამლის მცირე პორცია.

საქართველოში, სადაც 70 ადმინისტრაციული ერთულია, ყველაგან უნდა იყოს საშუალება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობისა, რომლის დარღვევის შემთხევაშიც მოსახლეობის ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება.

ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით რა ხდება საქართველოში?

ხანგრძლივად მიმდინარე ფსიქიკური აშლილობების შემთხვევებში, კოსულტაცია არის უფასო. ასეთ დროს, წესით, წამალი და მკურალობაც უფასო უნდა იყოს. თუმცა იმდენად მცირეა გამოყოფილი თანხები, რომ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს ეძლევა, მაგალითად, არა 1 ლარის ღირებულების მესამე თაობის ანტიდეპრესანტი, არამედ ბევრად მცირეფასიანი. ასევე, პაციენტს ეძლევა არა მთელი თვის, არამედ მხოლოდ 15 დღის მედიკამენტები. ყოველივე ეს მკურნალობის თვალსაზრისით პოზიტიურ შედეგს არ იძლევა. არასრულფასოვანი მკურნალობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების სიხშირე იზრდება.

ამასთან ერთად, იზრდება პაციენტის პირადი დანახარჯებიც, რომლითაც ის დეფიციტს ავსებს. პაციენტის ოჯახის წევრები კიიძულებულნი არიან, მათთან მეტი დრო გაატარონ, უარი თქვან სამსახურზე, რაც ასევე საბოლოო ჯამში ტვირთად აწვება სახელმწიფოსაც.

ფსიქიკური პრობლემების  მქონე ადამიანთა რა სტატისტიკა არსებობს საქართველოში?

ყოველწლიურად დარეგისტრირებულ დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. 90– იან წლებში საერთოდ მოშლილი იყო საინფორმაციო ბაზები. ამჟამად არსებობს ნორმატიული აქცი ერთიანი საინფორმაციო ბაზის შესახებ, თუმცა რეალურად ეს ბრძანება არ ფუნქციონირებს. დისპანსერები საკუთარი ინიციატივით აწარმოებენ აღრიცხვას და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ინფორმაციას აწვდიან.

საინფორმაციო სისტემის გაუამართაობა, ერთი მხირვ, სტიგმასთან არის დაკავშირებული, მეორე მიზეზი არის ის, რომ პროგრამა ვერ უზრუნველყოფს მათ საჭიროებებს, ამიტომ ისინი არ აკითხავენ ამბულატორიებს და სტატისტიკა იკარგება. ასევე, ისინი მიმართავენ სხვა პროფესიის სპეციალისტებს.

ოფიციალური მონაცემით, 81 ათასია რეგისტრიებული, თუმცა რეალურად მოსახლეობის 25 % –ს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონია ან ექნება დიაგნოსტირებადი ფსიქიკური პრობლემები. თუ 2010 წლის მონაცემით 79 ათასი იყო, ვვარაუდობთ, რომ 2011 წლის მონაცემით ორი ათასით მაინც იქნება გაზრდილი.

რატომ არის ეს რიცხვი მზარდი?

ეს მზარდი ტენდენცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, ყველა ქვეყანასთვის არის დამახასიათებელი.

მაგალითად, დეპრესია არის 21–ე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე გავრცლებული ჯანდაცვითი პრობლემა. სწრაფი ტემპის ურბანიზაციის პირობებში კი რიგი ფსიქიკური აშლილობები იჩენს თავს, ეს ცივილიზაციის თანამდევია. გარდა ამისა, ფსიქიკურ დაავადებებს  პოსტტრავმული აშლილობებიც იწვევს. მოგეხსენებათ, უკანასკნელ წლებში საქართველომ რამდენიმე ომი გადაიტანა. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი