ახალი ამბები

პარლამენტმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი დაამტკიცა

28 დეკემბერი, 2011 • 1131
პარლამენტმა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი დაამტკიცა

კანონს მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის 8 დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.  ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ მესამე მოსმენით 81 ხმით მიიღეს.

კანონის საბოლოო რედაქციაში გათვალისწინებულია დეპუტატ კობა ხაბაზის ინიციატივა, რომელიც გუშინ, 27 დეკემბერს, გახდა ცნობილი. ხაბაზის ინიციატივა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის უკუგების პრინციპს ეხებოდა.  მან განაცხადა, რომ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც იურიდიული პირებისაგან თანხა უკვე მიიღეს, რაც, მისივე თქმით, არჩევნებისთვის არის აკუმულირებული, ამ თანხის გამოყენების საშუალება არ უნდა მიეცეთ. ხაბაზმა  კოლეგებს იმ მექანიზმების შემუშავება შესთავაზა, რომლის საფუძველზეც რიგი პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე გადარიცხული თანხა მათ მფლობელს უკან დაუბრუნდება.

დღეს დამტკიცებულ კანონში ეს ინიციატივა ასეა ფორმულირებული:

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26.1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს სამი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებაში”.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ დღეს დამტკიცებული  კანონი პარტიებს უზღუდავს უფლებას, მიიღონ შემოწირულობა იურიდიული პირებისგან.

საპარლამენტო ოპოზიიციის განცხადებით,  ეს კანონი მკვეთრად შეზღუდავს ქვეყანაში პარტიების დაფინანსების და ზოგადად მათი სიცოცხლისუნარიანობის შესაძლებლობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი