ხელოვნება

„ახალი თეატრის“ ახალი სეზონი

28 სექტემბერი, 2011 • 1356
„ახალი თეატრის“ ახალი სეზონი

„ახალი თეატრი” ახალ თეატრალურ სეზონს სიახლეებით ხვდება– განახლებული ინტერიერით, ახალი სამენოვანი კატალოგითა და სპექტაკლის პროგრამით. თეატრის მეოთხე თეატრალური სეზონი 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ახალგაზრდა რეჟისორის ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „ქაღალდის წვიმა“ გაიხსნება. აღნიშნული სპექტაკლით ახალი თეატრი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამაში მონაწილეობს. „ქაღალდის წვიმას“ უცხოელი ექსპერტები, თეატრის კრიტიკოსები და მენეჯერები  ქართული „Show Case“ –ის პირველ საფესტივალო დღეს ნახავენ.

„ახალი თეატრი“ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე უკვე გახდა საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების და ფორუმების მონაწილე. საერთაშორისო ტურნეს „ქაღალდის წვიმა“ ერევნის თეატრალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე იწყებს. აღნიშნული ფესტივალი სახელწოდებით „High Fest” 2001 წლიდან ერევანში ყოველწლიურად იმართება. 2006 წლიდან კი მასში მონაწილეობას უკვე დასავლეთ ევროპის, აზიისა და ამერიკის მრავალი ქვეყანა იღებს. მათ შორის: აშშ, საფრანგეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, საქართველო, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, შვედეთი, პოლონეთი, მაკედონია, გერმანია, ისრაელი, სინგაპური, ყაზახეთი, ინდოეთი.

ფესტივალს სამი პროგრამა აქვს: საბავშვო და თოჯინების თეატრების; ახალგაზრდული და ექსპერიმენტული სპექტაკლებისა და მთავარი საკონკურსო პროგრამა. ნიკა საბაშვილი პირველი ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის სპექტაკლიც ფესტივალის მთავარ პროგრამაში მოხვდა. მისი „ქაღალდის ნავი“ 8 ოქტომბერს 2011 წლის ფესტივალს დახურავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი