2012.05.21

ქატოს დიეტის პლუსები და მინუსები

ჯანდაცვა,

მაღაზიებში ქატოს ფქვილზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ერთ-ერთ ქართულ ტელეშოუში რამდენიმე ცნობილმა სახემ ქატოს წონაში დასაკლებ ეფექტზე ისაუბრა.

ქალაქის სუპერმარკეტებში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ქატოს ფქვილზე მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან იმაზე მეტი იყო, ვიდრე - რამდენიმე წელიწადში მთლიანად.


ცოცხალი უჯრედები, ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტები და ვიტამინები - ეს არის ის, რაც ქატოს შემადგენელობაში შედის.


ეს კომპონენტები ადამიანის ორგანიზმს დისბაქტერიოზისგან იცავს, მიკროფლორას აუმჯობესებს, ანელებს ორგანიზმის მიერ ცხიმების შეწოვას და ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. გარდა ამისა, ქატოს ნაწლავების გამწმენდი ფუნქცია აქვს, რაც წონაში დაკლებას ხელს უწყობს.


„ტელევიზიით თქვეს, კარგია გასახდომადო. რამდენჯერმე მეც ვჭამე ქატო, ოღონდ მაწონთან ერთად. თუ რამე არ დაამატე, ისე არ შეიძლებაო,“- ამბობს გამყიდველი სურსათის მაღაზიაში, რომელმაც ქატოს დიეტა დიეტოლოგების დანიშვნის გარეშე დაიწყო.


ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ენდოკრინოლოგი, თამარ ზერეკიძე ქატოს ფქვილის დიეტის დანიშვნამდე აუცილებლად მიიჩნევს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დადგინდეს.


ენდოკრინოლოგის განმარტებით, თუ პაციენტს კუჭ-ნაწლავის, კონკრეტულად კი, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი აქვს, ქატო არ უნდა მიიღოს.


„ასეთ დროს მისი მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ის აღიზიანებს ლორწოვანს. შესაბამისად, დიდია რისკი, სისხლდენა გამოიწვიოს,“- ამბობს ენდოკრინოლოგი.  


შესაბამისად, ენდოკრინოლოგები გახდომის მიზნით ქატოს დიეტას პაციენტებს არ უნიშნავენ.


„ზოგადად არ ვეწინააღმდეგები, თუ პაციენტი მას წონაში დაკლების მიზნით მიიღებს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის უნიკალური საშუალება დიეტისთვის, ვინაიდან დიეტა ბალანსირებულ კვებას ნიშნავს. ქატო კი მხოლოდ დამხმარე ფაქტორია,“- ამბობს თამარ ზერეკიძე.


იმისთვის, რომ ორგანიზმმა სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვები მიიღოს, აუცილებელია ეს საკვები ცილას, ცხიმს, ნახშირწყალს, ვიტამინებს, მინერალებსა და წყალს შეიცავდეს.


ქატოს ფქვილის მიღებით ორგანიზმი ნახშირწყალს იღებს, რომლის ძირითადი შემადგენელი მისი უჯრედისია.


ენდოკრინოლოგები პაციენტს ქატოს ერთადერთ შემთხვევაში - კუჭ-ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებლად და ანემიის დროს, სხვა დამხმარე საშუალებებთან ერთად და მცირე რაოდენობით უნიშნავენ.


მისი დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, მუცლის შებერვა, მეტეორიზმი, გულისრევა და დიარეა შეიძლება განვითარდეს.


გარდა ამისა, ენდოკრინოლოგები პაციენტებს მის მიღებას ხანგრძლივი დროის განმავლობაშიც არ ურჩევენ, ვინაიდან ის ვიტამინების ჯგუფთან და მიკროელემენტებთან ერთად ტოქსინებსაც შეიცავს.


„მისი დიდი რაოდენობით მიღებამ, სხვადასხვა სავალალო შედეგთან ერთად, შეიძლება სიმსუქნეც გამოიწვიოს,“ - ამბობს ენდოკრინოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი თამარ ზერეკიძე.


ენდოკრინოლოგის თქმით, პაციენტთა ნაწილი მაინც სკეპტიკურად უყურებს ქატოს ფქვილის წონაში დაკლების მიზნით მოხმარებას და პროფესიონალებთან კონსულტაციაზე მიდის.


გახდომის მსურველებს შორის, ექიმის თქმით, გენდერული ბალანსი დაცულია და უკანსკნელ პერიოდში კოსმეტიკური პრობლემების მოგვარების მიზნით ენდოკრინოლოგებს მამაკაცების დიდი რაოდენობა აკითხავს.