ახალი ამბები

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ უგულავას გათავისუფლებაზე შუამდგომლობა არ განიხილა

17 სექტემბერი, 2015 • • 1118
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ უგულავას გათავისუფლებაზე შუამდგომლობა არ განიხილა

დაცვის მხარე უგულავას გათავისუფლებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

 

იმისათვის, რომ უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდეს, აუცილებელია მისი აღკვეთის ღონისძიების ზომა – პატიმრობა გააუქმოს საერთო სასამართლომ, ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ. აღნიშნულ ინსტანციას დღეს უგულავას ადვოკატებმა მიმართეს როგორც კანცელარიის საშუალებით, ისე ზეპირი შუამდგომლობით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელიც დღეს უგულავას სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.

 

ჩხიკვაძის განმარტებით, იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს (საუბარია რიყის გასხვისებისა და თბილსერვისის საქმეზე), არ არსებობს აღკვეთის ღონისძიება უგულავას მიმართ, შესაბამისად, ის მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რომ ამ კონკრეტულ შუამდგომლობაზე იმსჯელოს. მოსამართლის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ აკმაყოფილებს შუამდგომლობას, არამედ ის განმარტავს, რომ არ არის აღნიშნული შუამდგომლობის სამართლებრივი ადრესატი და მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს კანცელარიიდან რეაგირებას.

 

გიგი უგულავამ დღევანდელ პროცესზე თითქმის ერთი საათის მანძილზე ისაუბრა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იგი დაუყოვნებლივ უნდა გაეთავისუფლებინა სასჯელაღსრულების სამინისტროს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს გიორგი უგულავას და დავით კეზერაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეებს რიყის პარკის გასხვისების და თბილსერვისის საქმეზე. ბრალი მათ წაყენებული აქვთ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით. დღეს დაგეგმილია ბრალდების მხარის მიერ დასკვნითი სიტყვით გამოსვლა სასამართლოში, თუმცა უგულავა მოითხოვს გადაიდოს პროცესი, რადგან გუშინ განვითარებული მოვლენების გამო იგი არ არის მზად დღეს ამ საკითხებზე სასაუბროდ.

უგულავა
უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი