ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკს 150-მდე ცხოველს ჩუქნიან

3 სექტემბერი, 2015 • • 2164
თბილისის ზოოპარკს 150-მდე ცხოველს ჩუქნიან

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განმარტებით, 13 სექტემბერს გაიხსნება ზოოპარკის ის ნაწილი, რომელიც გადარჩა და ამ დროისთვის აღდგენილია – მათ შორის არის პინგვინების ვოლიერიც. 

 

“თუმცა, სულ ოთხი პინგვინი დაგვრჩა. ისინიც სტრესისგან ბოლომდე გამოსული არ არიან”, – განუცხადა ზურაბ გურიელიძემ “კვირის” პრესკლუბში ჟურნალისტებს დღეს, 3 სექტემბერს. 


სტიქიას გადარჩენილი პინგვინები. ფოტო: თბილისის ზოოპარკი/ხატია ბასილაშვილი
სტიქიას გადარჩენილი პინგვინები. ფოტო: თბილისის ზოოპარკი/ხატია ბასილაშვილი

 

ზოოპარკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზოოპარკს აღარ ჰყავს პრიმატები და მნიშვნელოვნად შემცირებულია მტაცებლების რაოდენობა, რომელთაგან მნახველებს მხოლოდ თეთრი ლომების ოჯახი და ლეოპარდები დახვდებიან. 

 

“გლობალური მნიშვნელობის სახეობები მაინც გვყავს. ეს არის თეთრი მარტორქა, სახელგანთქმული ბეჰემოტი. შემცირებული ტერიტორიის მიუხედვად, მაინც ბევრი ცხოველის ნახვა შეიძლება”. 

 

აღდგენას, როგორც გურიელიძე აცხადებს, არ ექვემდებარება ზოოპარკის პირველი იარუსი, რომელიც წყალდიდობამ მთლიანად გაანადგურა.

 

“თან, მისი აღდგენა მაინც რისკებს შეიცავს მდინარის ადიდების შემთხვევაში”. 


რაც შეეხება სიახლებს, რომელიც თბილისის ზოოპარკშია მოსალოდნელი, ეს არის ახალი ცხოველები, რომელთა შემოყვანა, როგორც ზურაბ გურიელიძე ამბობს, მაქსიმუმ გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. საუბარია 150 ცხოველზე, რომელსაც თბილისისს ევროპის ქვეყნების ზოოპარკები ჩუქნიან. მათ შორის არიან პრიმატები – პავიანები, მაკაკები. ასევე თუთიყუშების მრავალი სახეობა, რომელთა უმეტესობა თბილისის ზოოპარკს აქამდე არ ჰყოლია. 

 

ზოოპარკში შესასვლელი ბილეთი დამთვალიერებლებისთვის ძველი ფასი, 2 ლარი დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი