ეკონომიკა

იტალიური კომპანია Milano Investments გუდვილიდან გავიდა

14 ივლისი, 2015 • • 2855
იტალიური კომპანია Milano Investments  გუდვილიდან გავიდა

კომპანიიდან იტალიელი ინვესტორის გასვლის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “გუდვილის” ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ირინა ქოსაშვილმა დაუდასტურა. თუმცა, რატომ გავიდა ინვესტორი კომპანიიდან, ამ საკითხს არ აკონკრეტებენ.  

 

სუპერმარკეტების ქსელის „გუდვილის” აქციების 60% გოგი შევარდნაძემ დაიბრუნა და მისი წილი კომპანიაში 90% -მდე გაიზარდა, 10% გიორგი მახათაძეს ეკუთვნის.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2015 წლის 13 ივლისს შეიცვალა „გუდვილის” სამეთვალყურეო საბჭო, საიდანაც ალესანდრო აზაის ტატისტშეფი, ანტონიო პრატიჩიზო, ჩეზარე მარია დე კაროლისი და პაატა ქანდაურაშვილი გავიდნენ.

 

ახალ სამეთვალყურეო საბჭოიში 3 პირია. საბჭოს გოგი შევარდნაძე უხელმძღვანელებს. საბჭოში ასევე არიან გიორგი მახათაძე და დავით გლუნჩაძე.

 

როგორც “ნეტგაზეთს” გუდვილში” განუცხადეს, კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი გახდა. მან ამ თანამდებაზე ნუგზარ გაბრიჩიძე შეცვლა.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2015 წლის 9 ივლისიდან “გუდვილში” რეაბილიტაციის ახალი მმართველი შევიდა. კომპანიას მართავს  „ბიზნეს ქეა კორპორეიშენი”, რომელსაც ხელმძღვანელობს ნოდარ პაპუკაშვილი. ის კრედიტორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

 

იტალიელი ინვესტორი კომპანიაში 2014 წლის შემოდგომაზე შევიდა. „გარიგება 30 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, პირველადი ინვესტიციის მოცულობა 4,8 მლნ ლარია, რომელიც კომპანიაში შევიდა და მის განვითარებას, ასევე, უზრუნველყოფილი კრედიტორის, „თიბისი ბანკის” მოთხოვნის დაფარვას მოხმარდება” – განუცხადა ირინა ქოსაშვილმა “ნეტგაზეთს”. 

 

კომპანია „გუდვილს“ ფინანსური სირთულეები 2013 წლის გაზაფხულზე შეექმნა.  2013 წლის 1 ივნისიდან გუდვილი–ქარვასლა (სუპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში) დაიხურა.  2013 წლის 15 ივლისს დაიხურა  „თბილისი ცენტრალში“ მდებარე “გუდვილის” ობიექტიც. მაშინ “გუდვილის” მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ობიექტები   ფინანსურად არამომგებიანი იყო.  

 

კომპანია “გუდვილი” საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 6 სუპერმარკეტს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი