ახალი ამბები

პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

13 ივლისი, 2015 • 1432
პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

შეხვედრას საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის, ასევე, „ბრითიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიასტუტის იანკაუსკასმა განაცხადა, რომ სადამკვირვებლო მისია ადგილზე გაემგზავრა, რათა არსებული ვითარება შეესწავლათ და ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინათ:

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ახალი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი – ერთი სოფელ ორჭოსანში სამხრეთით, სადაც ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი მოიხსნა, გაქრა აპრილში და ახლა კვლავ გამოჩნდა, ხოლო მეორე ახალი ბანერი- სოფელ წითელუბანთან სამხრეთით. თუმცა ამჯერად ამ ნიშნებმა გადმოიწია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან კიდევ უფრო ახლოს. ჩვენი მხარის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ გადაადგილებას და აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ არსებობას. ჩვენ საკითხის განხილვისათვის გვაქვს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM), ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე იყო საუბარი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიერ გამოწვეული ზიანის, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს მექანიზმები გამოყენებული იქნება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს დაძაბულობის განმუხტვისათვის”.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამ ტერიტორიის მონიტორინგს განაგრძობს, მიღებული ინფორმაცია კი ბრიუსელში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გადაეცემათ.

 

პრეზიდენტის განცხადებით კი, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი სტრატეგიული ობიექტების მახლობლად გადის:

„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად.  მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტურად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ფოტო – პრეზიდენტის Facebook გვერდიდან


შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი