ხელოვნება

“არტიერიში” 10 და 11 ივნისს თბილისის ურბანულ სივრცეში

9 ივნისი, 2015 • • 1421
“არტიერიში” 10 და 11 ივნისს თბილისის ურბანულ სივრცეში

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მეორე, 2015 წლის გამოშვების ძირითად ფოკუსს წარმოადგენს ქალაქი და ურბანიზმი, რომელიც წარმოდგენილია ქუჩის ხელოვნებით, მსაშტაბური ინსტალაციებით, შემოქმედებითი ინტერვენციებითა და ინტენსიური საგანმანათლებლო ვორქშოფების პროგრამით.

 

10 ივნისს, 19:00 საათზე, დედაენის პარკში ფესტივალი გაიხსნება ცნობილი პოლონელი არტისტის ასევე ცნობილი ინსტალაციით “ხელოვნების აორთქლებადი კოშკები”. უზარმაზარი ხის კონსტრუქციის ნამუშევრის ნახვის საშუალება ქართველ დამთვალიერებელს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში შეეძლება.

 

11 ივნისს, 18:00 საათზე, კ. მარჯანიშვილისა და დ. უზნაძის ქუჩების კვეთაზე მასშტაბური მიურალის, კედლის მხატვრობის პრეზენტაცია და კატარჟინა შიპიორის ინსტალაციის, სახელად “ხალხისთვის” გახსნა.

 

„მართებულად და სწორად ორგანიზებული საზოგადოებრივი სივრცე ადამიანის ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. თბილისში ცნობილი ხელოვანების ჩამოყვანისა და მათი ნამუშევრების ჩამოტანის გზით გვინდა, საზოგადოებას საჯარო სივრცის შემოქმედებითი გზით მოწყობის მაგალითები ვაჩვენოთ და მოცემულ ქალაქში ამ თვალსაზრისით არსებულ საჭიროებებზე მსჯელობისაკენაც ვუბიძგოთ“, –  განმარტავს ფესტივალის მენეჯერი მარია არტემიუკი.

 

არტიერიში 2015 – ურბანული სივრცე ლიუბლინისა და თბილისის კულტურული ჯგუფების მიერ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად 2014 წელს გახორციელებული ერთობლივი აქტივობების გაგრძელებას წარმოადგენს.

 

ფესტივალის მეორე ტალღა თბილისის პრობლემებსა და საჭიროებებს ეხმაურება – უპირველესად, ეს ხელოვნებასა და ურბანულ სივრცესთან დაკავშირებული საკითხებია. ხელოვნების ნიმუშები, ვორქშოფები და შეხვედრები ყურადღებას დაუთმობს ქალაქის ბუნებრივი ურბანული ქსოვილის პატივისცემის საკითხებს.

 

„ურბანული სივრცის ფორმირება იმგვარად, რომ ის ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ემსახურებოდეს, საგანგებო ვალდებულებაა. თანამედროვე ქალაქის ფუნქციური და სივრცითი მახასიათებლები ერთსა და იმავე დროს ადამიანების მენტალობასა და აქტივობასაც განსაზღვრავს და მათ შორის სოციალურ კავშირებზეც ახდენს ზეგავლენას“ ,- ამბობს მარია არტემიუკი.

 

ფესტივალის ფარგლებში გამორჩეული ხელოვნების ნიმუშები პარკებში, ქუჩებსა და ეზოებში წარდგება, რაც მიზნად ისახავს იმას, რომ ხელოვნება ფართოდ გაავრცელოს და უფრო თვალსაჩინო გახადოს მათთვის, ვინც გამოფენებისა და სახელოვნებო ინსტალაციების დამთვალიერებლებს აქამდე ნაკლებად მიეკუთვნებოდნენ, ამბობენ ორგანიზატორები.

 

არტიერიში
არტიერიში

ფესტივალის პროგრამა:

ფესტივალის გახსნა, 10 ივნისი, 19:00 სთ,

დედაენის პარკი

რობერტ კუსმიროვსკი – “ხელოვნების საორთქლე კოშკები“ / ინსტალაცია 

მუსიკა: DJ Papa Zura, PL 

„ხელოვნების საორთქლე კოშკი“ 7მ x 6მ x 22მ პარამეტრების ნაგებობაა, რომელშიც რობერტ კუსმიროვსკის მიერ შეგროვებული არტეფაქტებია განთავსებული. საორთქლე კოშკი სხვადასხვა ნაერთებისა და ხის საყრდენების სისტემაში მოქცეული ხის კონსტრუქციაა და უპირველესად, იმ ნივთებისა და ძირითადი საშუალებების ერთობლიობის ზეიმს წარმოადგენს, რომელთაც ხელოვანი 12 წლის მანძილზე აგროვებდა.

 

ეს არტეფაქტები ზომის, ფუნქციისა და ფერის მიხედვით შეგროვდა და დახარისხდა და თან სამუზეუმო კოლექციებისათვის ტიპური აღწერილობა დაერთო. ხელოვნების კონცენტრირებისათვის განსაზღვრული კონსტრუქცია ვიზუალური გამოცდილების მეშვეობით აიგო და ჩვენს მხედველობით აღქმას წარმოდგენილ ობიექტში ცვლილებებისადმი სენსიტიურობის გამოცდას უწყობს. ტრადიციული საორთქლე კოშკების მსგავსად, ირგვლივ არსებულ ამინდს დიდი გავლენა აქვს სახელოვნებო საორთქლე კოშკების საბოლოო ფორმირებაზე. კოროზირებული ნივთების ფერის ცვლილება და ხის სტრუქტურებსა და სხვა ნაწილებზე გაჩენილი ჩაზნექილობები ერთ, განუყოფელ ორგანიზმად ერთიანდება. ეს ხელოვნების ინჰალაციაა; ხელოვნებისა, რომელიც საწყობიდან გამოიტანეს.

 

საორთქლე კოშკის ერთჯერად კოლექციაზე თავდაპირველი დაკვირვება/ინჰალაცია მხოლოდ მისი ელემენტების გამორჩევისაკენ გვიბიძგებს. შემდეგ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების – მაგალითად, მათი ურთიერთგანლაგების, პროპორციების, სივრცესთან მიმართებისა თუ ფერთა გამის გარკვევას ვიწყებთ. მხოლოდ ამის მეშვეობით კვლავ წარმოვქმნით შემეცნებულ მთლიანობას და ამგვარად უზრუნველვყოფთ ხელოვნების კონცენტრირების საჭირო მიმართულებას. 

11 ივნისი, 18:00 
კატარჟინა შზიპიორი – “ხალხისათვის” [ინსტალაცია]
ცეზარი ჰუნკიევიჩი – ქუჩის პანორამა 
კ. მარჯანიშვილისა და დ. უზნაძის ქუჩების კვეთა

თბილისში ქალაქის ხალხისათვის დაბრუნებაზე ზრუნვა ძალზე დროული ჩანს. ქალაქის საჯარო სივრცე აქ მანქანებს უპყრიათ და ყველაზე მნიშვნელოვანი – მძღოლების უფლებებია.  ეს ვითარება ექსტრემალურ ემოციებს აღვივებს, რომლებშიც გაოგნება და ზაფრა ერთმანეთშია აზელილი. საგზაო მოძრაობის ნაკადის ეფექტური ოპტიმიზაცია აღტაცების ღირსია, მაგრამ ქალაქის მცხოვრებთა ბედი, რომლებსაც ერთმანეთისგან მრავალნაკადიანი ქუჩები ყოფთ და იძულებულნი არიან, ან მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავიდნენ, ან სიცოცხლის ფასად უწევთ ფართო გამზირის გადარბენა, ჩვენს თანაგრძნობას იწვევს. მანქანები მთელს ქალაქს არიან მოდებულნი – იგულისხმება როგორც მოძრავი, ისე ავტოსადგომებზე, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებსა და ბილიკებზე გაჩერებული მანქანები. ამას აგვირგვინებს მოძრაობით გამოწვეული ქანცგაწყვეტილობა და ხმაური. აქ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, „ადგილი აქვს“ საჯარო სივრცის მითვისებას.

 

კატარინა შიპიორი ამ პრობლემისაკენ ყურადღებას არტისტული აქციებით მიმართავს –  ქმნის ცალკეული ადგილებისათვის საგანგებო ნამუშევრებს, რომლებიც ქალაქის ქსოვილშია ჩანერგილი. ის ქალაქის ლანდშაფტის ემბლემური ელემენტების,  მაგალითად – მანქანის, ავტოსადგომისა და ურბანულ გამწვანების გამოყენებით ერთდროულად საპროტესტო და მეტაფორულ შინაარსს აგებს. ის მანქანას ქუჩის გადასასვლელის გაგრძელებაზე აყენებს ისე, რომ მან ფეხით მოსიარულეთა მოძრაობა შეაფერხოს და ზოლებს ისე ახატავს, რომ „ზებრას“ გაგრძელებას ჰგავდეს. ამით მანქანა გადასასვლელს ერწყმის და ავტორი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს მის „გადაჭრას“ ურჩევს, საჯარო სივრცეში მიმართებების სისტემას ცვლის. სხვაგან შიპიორი საშუალო მანქანის სადგომისხელა „ხალხსადგომს“ აგებს, ზომით 2,5 მ / 5 მ, სადაც მცენარეებიან (ხეები, ბუჩქები, გაზონის ნაჭრები)  ხის პლატფორმებს ათავსებს. აქ ერთგვარ „შეხვედრის ადგილს“ აწყობს, სადაც კაცს შეჩერება, ჩამოჯდომა, დაწოლა და დასვენება შეუძლია. კატარინა შიპიორის ნამუშევრები თბილისში საჯარო სივრცეებში კომუნიკაციისა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობის პრობლემას ეხება. ისინი არსებული ვითარების კრიტიკულ შეფასებას გვთავაზობს, გვიბიძგებს, არსებული პრინციპები ეჭვქვეშ დავაყენოთ და მონაწილეობის ახალი მოდელის შექმნას შთაგვაგონებს. აქ, ამ ქალაქში, სადაც მანქანის ნაკადები მოქალაქეებს მდინარისა და გამწვანებული სივრცეებისგან აშორებს, სადაც ქუჩის მოძრაობა ხალხისთვის საფრთხის წინაშე აყენებს, საჯარო სივრცეში ახალი, დაბალანსებული ურთიერთობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკება აუცილებელია.

 

მიურალი, რომელიც შენობის ცარიელ კედელზე დატანილ დიდ ნახატს გულისხმობს, ლუბლიანელი და ქართველი არტისტების და სტრიტ-არტის ვორკშოპის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი იქნება. მხატვარ კამილ ფილიპოვსკის მიერ დახატულ სურათს ისინი ერთდროულად სპრეისა და ტრადიციული დიდი ნახატის შექმნის ტექნიკით – ფუნჯებითა და საღებავებით გადაიტანენ შენობის კედელზე. თბილისის ურბანულ სივრცეში ამ პროექტის განხორციელებას ცეზარი ჰუნკიევიჩი და პიოტრ გრიკალოვსკი – პოლონეთში სტრიტ-არტის წამყვანი სპეციალისტი და  სტრიტ-არტისტებისათვის განკუთვნილი ვორკშოპების შესანიშნავი ინსტრუქტორი გაუწევს მეთვალყურეობას. თავის ნამუშევრებში ის იმ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც „არტ იერიში / ურბანული სივრცის ფესტივალის“ უმთავრესი საკითხია – სათანადო დამოკიდებულება ურბანული სივრცისადმი. ამ პროექტის ფორმულა და მისი ღია, ქალაქის თავისუფლად მისაწვდომ სივრცეში განთავსება მას ქალაქის მოსახლეობისათვის ხილულს გახდის, რომლებიც უბრალოდ „იძულებულნი“ იქნებიან, მას ყურადღება მიაქციონ. მეორე მხრივ, მისი ადგილმდებარეობის სწორად შერჩევის შედეგად მიურალის მიზანი იქნება ხალხის ყურადღების მიპყრობა ვანდალიზმის, უკანონო გრაფიტიების და თაგებისათვის, რომლებიც ხშირად აფუჭებს ქალაქის ლანდშაფტს. 

 

11 ივნისი 20:00
იაროსლავ კოზიარა – “ტრანსფორმაცია” [ინსტალაცია]
პუშკინის 17, თავისუფლების მოედანი. 

მუსიკა: DJ Papa Zura, PL 
Ana Jikia, GE

 

„განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი – ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა. გამრუდებულს ვეღარ გამართავ, ხოლო ნაკლულს ვეღარაფრით შეავსებ“. ეკლესიასტე, 1:14-15

 

ხელოვანი საკუთარი ინსტალაციის შესახებ:

 

„თბილისის ქუჩებში სიარულისას რადიკალურ კონტრასტს ვგრძნობ ძველსა და ახალს შორის. აქ და ახლა თანამედროვეობა ხელყოფს ტრადიციულს, განსაზღვრულს, მოწესრიგებულს. წარსული დიდების კვალით აღბეჭდილი ძველი შენობები ნელ-ნელა გადაგვარებისა და საბოლოო სიკვდილის გზას ადგას. თანამედროვე შენობები ხშირად არას დაგიდევენ თბილისის ძველ ბუნებრივ ლანდშაფტს, რითაც ქალაქის კანიბალებად იქცევიან. სივრცეს, რომელიც ჩემი ინსტალაციისათვის შევარჩიე, იდუმალ ერთობად აღვიქვამ, რომლის ჩამოყალიბება უცნობი მიზეზით შეჩერდა. მისი ფორმა და გარემოებები, რომლებშიც ის მომწყვდეულა, ჩემთვის დიდ გამოცანად რჩება. სივრცე ინსტალაციის ადგილად იქცევა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლის როლი დაეკისრება. ის დროებითი მირაჟი, არტისტული ჰალუცინაცია იქნება და ჯადოს ახსნის ამ მიტოვებულ ურჩხულს, რომელსაც საბოლოო არქიტექტურული ფორმისათვის არასდროს მიუღწევია“.

 

ვორქშოფები:

 

  • სთრით-არტის ვორკშოფი / 5-9 ივნისი
  • ქალაქი და სივრცე // 10 ივნისი, 13:00-15:30 სთ.
  • მედია და კულტურა. როგორ მოვძებნოთ სივრცე კულტურული ინფორმაციისა და კულტურული ჟურნალისტიკისთვის // 10 ივნისი, 16:00 სთ.
  • ავეჯი ქალაქისთვის // 15 ივნისი, 18:00 სთ.
  • სივრცის ცვლილება. პრაქტიკული გაგება // 15-17 ივნისი, 16:00 სთ
  • მიტოვებული ადგილების გადა-ხედვა // 16 ივნისი, 11:00-17:00

 

პრეზენტაციები და ლექციები:

 

  • პოლონეთის ურბანული ხელოვნება // 9 ივნისი 17:00 სთ.
  • იან გელის წელიწადი ქ. ლუბლინში – როგორ განვავითაროთ იდეა “ქალაქი ადამიანებისთვის”? // 9 ივნისი, 19:00 სთ.
  • მოდით, ეს გამოვასწოროთ // 15 ივნისი, 18:00 სთ.

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფები და პრეზენტაციები გაიმართება თანამედროვე ხელოვნების ცენტრში [მისამართი: უზნაძის ქ. #51]

 

ვორქშოფებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა მსურველებისთვის საჭიროა შემდეგი მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი