ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევები ქორწინებამდე აზერბაიჯანში

2 ივნისი, 2015 • • 1095
სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევები ქორწინებამდე აზერბაიჯანში

როგორც კავკაზსკი უზელი წერს, აზერბაიჯანის საოჯახო კოდექსში 2014 წლის 17 ოქტომბერს შესული ცვლილებით, ქორწინების მსურველებმა რიგი სამედიცინო გამოკვლევები უნდა გაიარონ. კვლევების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. 

 

ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილების საჭიროება “ჯანმრთელი ოჯახის ფორმირებითა და ბავშვების თანდაყოლილი დაავადებების აცილების მიზნით” დაასაბუთა.

 

ახალი წესების შესაბამისად, აზერბაიჯანში სამედიცინო შემოწმება და კონსულტაცია სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოხდეს. აუცილებელ კვლევებს შორისაა თალასემია, შიდსი და სიფილისი. 

 

“დაქორწინების ნებისმიერ მსურველს ცალკე მიეწოდება ინფორმაცია გამოკვლევების შედეგების, სამედიცინო-გენეტიკური, სამედიცინო -ფსიქოლოგიური კველვების, ასევე ოჯახის დაგეგმარების შესახებ”, – განუცხადა გამოცემას აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიულმირზა ფოლადოვმა. 

 

კვლევების შედეგებს ქორწინების მსურველებს სპეციალური წერილობითი ფორმით გადასცემენ, რომელიც შემდგომ იუსტიციის სამინისტროს უნდა წარუდგინონ. ამ საბუთების მოქმდების ვადა ერთი თვეა. 

 

იმ შემთხვევაში, თუკი გამოკვლევების შედეგად ადამიანებს ამ  მხრივ ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდებათ, დაქორწინების უფლებას მაინც მისცემენ.  

 

სამედიცინო კველვების მთავარი არსი კი, ოფიციალური პირების განმარტებით, არის ის, რომ შვილის დაგეგმვამდე ადამიანებს ქონდეთ ინფორმაცია თავიანთი ჯანმრთელობის შესახებ და  დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ იმკურნალონ. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი