ახალი ამბები

ნოდია: ენმ სააკაშვილის გარეშე – ეჭვი მაქვს, ოთხეულის პოლიტიკური პროექტის არსი ესაა

27 მაისი, 2015 • • 2272
ნოდია: ენმ სააკაშვილის გარეშე – ეჭვი მაქვს, ოთხეულის პოლიტიკური პროექტის არსი ესაა

გია ნოდიას თქმით, ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით გახსნილი და ფორმალიზებული დისკუსია არ არსებობს პარტიის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის (ზურაბ ჯაფარიძის) პასუხისმგებლობაც არის.

 

“აღნიშნული მარცხიდან ორწლინახევრის შემდეგ ამ მოტივის მოყვანა ცოტა დაგვიანებული მგონია”,- წერს ნოდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

გია ნოდიას შეფასებით შანსი, რომელიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს, ცოტაა და ისინი ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ:

 

“თეორიულად, ალბათ არსებობს პოლიტიკური ნიშა ისეთი ძალისთვის, რომელიც ასოცირდება ნაციონალური მოძრაობის მიღწევებთან, მაგრამ დისტანცირდება მისი მმართველობის ნეგატიური მხარეებისგან (პირობითად რომ ვქვათ, განასახიერებს „აღმშენებლობის ცხრა წელს“, მაგრამ არა „სისხლიან ცხრა წელს“). სხვა სიტყვებით, ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე – ეჭვი მაქვს, რომ ოთხეულის ნამდვილი პოლიტიკური პროექტის არსი ესაა. ისევ თეორიულად, მეც არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება ერთ კონკრეტულ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომლის ყველა ნაბიჯს და გამონათქვამს არც მე ვეთანხმები. მაგრამ პრაქტიკულად, ცოტა ვეჭვობ, რომ ოთხეულმა, თუნდაც „ივერიელებთან“ ერთად, შეძლოს ისეთი ახალი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს. ცხადია, ვუშვებ, რომ ვცდებოდე, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ”,- წერს ნოდია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

 

25 მაისს ენმ-დან ოთხი დეპუტატი – ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე გავიდა. პარტიის დატოვების მიზეზებთან დაკავშირებით დღეს ზურაბ ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი