ახალი ამბები

ნატოში საქართველოს ელჩად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

27 მარტი, 2015 • • 2030
ნატოში საქართველოს ელჩად ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა

მაისურაძის ელჩად დანიშვნის შესახებ პრეზიდენტმა 2014 წლის 26 მარტს მოაწერა ხელი. ახალი ელჩი მოვალების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება.

 

“პრეზიდენტმა მოაწერა ხელი განკარგულებას ჩემი თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, პირველი მაისიდან დანიშნული ვარ თანამდებობაზე, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ გასავლელია აუცილებელი პროცედურები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიგნით. პროცედურების დასრულების შემდეგ მე შევუდგები ჩემი მოვალეობის შესრულებას”, – განაცხადა მაისურაძემ.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა. ალექსანდრე მაისურაძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს 1998 წლიდან. 

 

2012 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.

 

ნატოში საქართველოს ელჩის თანამდებობა ვაკანტური 2015 წლის 26 იანვრიდან არის, მას შემდეგ, რაც პარლამენტარ ვიქტორ დოლიძის ძმამ ლევან დოლიძემ თანამდებობა დატოვა. დოლიძემ გადაწყვეტილება “თავისუფალი დემოკრატების” მიერ “ქართული ოცნების” დატოვების, ალასანიასა ადა ივანიშვილთან დაპირისპირებისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ მიიღო.

ნატოს შტაბბინა
ნატოს შტაბბინა

მასალების გადაბეჭდვის წესი