ახალი ამბები

სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

16 მარტი, 2015 • • 1349
სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან  ჩაჩუა უდანაშაულოდ ცნო

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით. წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე სასამართლომ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიება ატიმრობა 1000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

 

ლევან ჩაჩუა პირდაპირ სასამართლოდან გაათავისუფლეს. როგორც სამედიცინო ექსპერტმა განაცხადა, ის ელოდა გამამართლებელ განაჩენს. მისი თქმით, ასეთი შეცდომა ყველგან ხდება:

 

“ასეთი შეცდომა ყველგან ხდება. ადამიანები არიან ყველგან და ხდება შეცდომა. სამწუხაროდ, შეცდომა მოხდა. ვუჩივლო, რა, მერე? ვის უნდა ვუჩივლო, რა უნდა ვუჩივლო? ჯერ არც დამთავრებულა ყველაფერი. რა, დამთავრდა? კიდევ იქნება გაგრძელება. გაასაჩივრებენ, ალბათ, სააპელაციოში და ვნახოთ. მე მართალი ვიყავი და ველოდი [ასეთ გადაწყვეტილებას]”.

 

პროკურორი რეზო ნადოი სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს. მისი თქმით, მოსამართლე დავით მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური პირი, რომელიც ობიექტურად შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს, რომელიც პროკურატურამ გადასცა:

 

“არაერთმა მოსამართლემ გამოთქვა თავისი აზრი ამავე საქმეზე სხვადასხვა სტადიებში. პირველი წარდგენის დროს, ვინც აღმკვეთი შეუფარდა, წინასასამართლოს სხდომის დროს პირდაპირ მიუთითა მოსამართლემ, რომ არსებული მტკიცებულებები შესაძლოა ალბათობის მაღალი ხარისხით ითქვას, რომ ამ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. ახლა მოსამართლე მგელიაშვილმა ახალი ვერსია წარმოგვიდგინა, თურმე კვალიფიკაცია არასწორია. ძალიან სამწუხაროა, მე შემიძლია მხოლოდ ეს ვთქვა. საბედნიეროდ, არსებობს სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები, სადაც კვალიფიციური მოსამართლეები საქმიანობენ და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, ჩვენი პოზიციის მართებულება დავამტკიცით ზემდგომ ინსტანციაში. რაც შეეხება გასაჩივრებას, ასეთ შემთხვევაში, უფრო მართებულია, რომ ვთქვა: მე გავეცნობი განაჩენის სრულ ვერსიას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ამას არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ის მოტივაცია, რომელიც გაამართლებს მგელიაშვილის დღევანდელ უკანონო გადაწყვეტილებას. დიახ, დაუსაბუთებლად და უკანონოდ მიმაჩნია გადაწყვეტილება და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ”,- ამბობს პროკურორი.

 

გამოძიების ცნობით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი