ახალი ამბები

ხადური: ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი სიზმარშიც არ უნახავს პოლიტიკურ ოპოზიციას

5 მარტი, 2015 • • 1031
ხადური: ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი სიზმარშიც არ უნახავს პოლიტიკურ ოპოზიციას

“მინდა გავაკეთო განმარტება 2015 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და მინდა ვთქვა, რომ რეკორდულად მაღალია ეს მაჩვენებელი. მაღალია საქართველოს ყველა წელთან შედარებით, მათ შორის 2014 წელთან შედარებითაც. ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილშიც არის გადაჭარბება, ორჯერ მეტია, ვიდრე შარშან და, მე მინდა გითხრათ, ამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში არასდროს არ განხორციებულა, სიზმარშიც არ უნახავს ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას. მე მინდა ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, რომლის დაწყებაც იგეგმება,  შესრულდება, მიუხედავად იმისა, ამწუთას რა მდგომარეობაა”,- განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

 

ნოდარ ხადურის განცხადებითვე, 2015 წლის ბიუჯეტი არ შემცირდება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაში დაიხარჯება ზუსტად იმდენი თანხა, რამდენიც გათვალისწიენბული იყო 2015 წლის ბიუჯეტში.

 

21 თებერვალს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის გაუფასურების გამო განაცხადა, რომ მთავრობა  ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გადახედვას აპირებს. მთავრობას ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, პრემიერის თქმით, ეს ვერ შესრულდება.

 

პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღვოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის პრესკონფერენცია, სადაც მან თქვა, რომ  ლარის გაუფასურების ტენდენციის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ქადაგიძის თქმით, ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი პირველ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს და რეფინანსირების განაკვეთს გადახედავს. ამ ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ კი ქვეყანაში 2015 წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 5% ვეღარ იქნება. შესაბამისად, მთავრობას ამ პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი, 5 მარტის მონაცემებით კი, 100 დოლარის ყიდვისთვის 214 ლარია საჭირო.

მასალების გადაბეჭდვის წესი