ხელოვნება

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს წარმომადგენელს კულტურის სამინისტრო ხვალ გამოავლენს

22 იანვარი, 2015 • • 1107
ვენეციის ბიენალეზე საქართველოს წარმომადგენელს კულტურის სამინისტრო ხვალ გამოავლენს

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილი საკონკურსო კომისია შესული 12 პროექტიდან საუკეთესოს ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. გამარჯვებულის ვინაობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გამოცხადდება.

 

ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში 2015 წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, – ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზე“ განთავსდება. ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისათვის კონკურსის პირობები ოფიციალურ ვებ-გვერდზე 9 დეკემბერს განათავსა. განცხადების მიღების ბოლო ვადა 2015 წლის 15 იანვარი იყო.

 

საერთაშორისო ხელოვნების ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და უკვე საუკუნეზე მეტია, ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ხელოვნების ცენტრად ითვლება. საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო.

ვენეციის ბიენალეს ლოგო
ვენეციის ბიენალეს ლოგო

მასალების გადაბეჭდვის წესი