ახალი ამბები

“ეს შენ გეხება” ფარული მოსმენების საკითხზე ბრძოლას ახალი ტაქტიკით აგრძელებს

2 დეკემბერი, 2014 • • 1233
“ეს შენ გეხება” ფარული მოსმენების საკითხზე ბრძოლას ახალი ტაქტიკით აგრძელებს

აქციები, შეხვედრები საზოგადოებასთან – კამპანია ბრძოლის მეთოდების უფრო გამრავალფეროვნებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე უფრო მეტ მუშაობას გეგმავს. სამოქმედო გეგმა და ძირითადი საქმიანობის ჩამონათვალი არასამთავრობოებმა დღეს, 2 დეკემბერს ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისში გაწერეს, თუმცა საკუთარი გეგმების შესახებ დეტალურად საუბარს ხვალ, 3 დეკემბერს აპირებენ მედიის წარმომადგენლებისთვის მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

“დღეს გაკეთდა სამოქმედო გეგმა, გაიწერა ძირითადი საქმიანობები, რომლითაც შევეცდებით, რომ ვუპასუხოთ უკვე დამტკიცებულ [ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის] ვერსიას და მეორე მხრივ, შევეცდებით მუშაობა დავიწყოთ ალტერნატიულ ვერსიაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანია, რომ შეიცვალოს ის ვერსია, რაც უკვე დამტკიცდა”, – გვითხრა არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა.

მისი თქმით, ახალი საკანონმდბლო ინიციატივა, რომელსაც არასამთავრობოები შეიმუშავებენ, კვლავ გაითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლითაც მათ ამ პროცესში დისკუსია დაიწყეს – შსს-ს ე.წ. გასაღები ანუ ჩაწერის დაწყების სისტემის საკუთარი სურვილით ჩართვა/გამორთვის ტექნიკური შესაძლებლობა არ უნდა გააჩნდეს და ეს მხოლოდ სხვა უწყების ავტორიზაციის შედეგად უნდა მოახერხოს.

“ისეთი ვერსია უნდა იყოს შეთავაზებული, რომლის ირგვლივაც მეტნაკლებად შესაძლებელი იქნება ძირითად ინტერესთა ჯგუფების მობილიზება. ტაქტიკა ოდნავ შეიცვლება იმ თვალსაზრისით, რომ აქამდე ჩვენი მოდელი გვქონდა და ვცდილობდით, რომ ის მაქსიმალურად გაგვეტანა. ახლა შევეცდებით, რომ გვქონდეს კომუნიკაცია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, განსაკუთრებით იმათთან, ვინც იმ ვერსიის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც პარლამენტში დამტკიცდა, ანუ იმ ჯგუფებთან, რომლებიც იდეაში თანახმა არიან, რომ ეს გასაღები შსს-ში არ იყოს. პირველ რიგში, მათთან გვენქება კომუნიკაცია და, რა თქმა უნდა, მმართველ გუნდთანაც იმიტომ, რომ უმრავლესობა მათ აქვთ და თუ ცვლილება გვინდა, მუშაობა მათთანაც მოგვიწევს”, – ამბობს დევდარიანი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, პარალელურად, “ეს შენ გეხება” საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველზე მიღებული კანონების ნორმებს. საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ გვითხრა, რომ ლაპარაკია იმ მუხლების გასაჩივრებაზე, რომელიც პირადი ცხოვრების დაცვას ეხება კონსტიტუციაში და შსს-ს მიერ ე.წ. გასაღების ფლობა სწორედ ამ მიმართულებით შესაძლოა გასაჩივრდეს. საუბარია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტების არაკონსტიტუციურობაზე დავავის შესახებ კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 41-ე მუხლებთან მიმართებაში.

 

კითხვას, იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც პარლამენტში განვითარდა მოსმენების კანონზე, ასევე შსს-ს და პრემიერის კატეგორიული პოზიციების ფონზე, რამდენად რეალურია კანონის შეცვლა, ზვიად დევდარიანი პასუხობს, რომ მათ არ აქვთ ილუზია, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებულ კანონის შეცვლას ახალო მომავალშივე შეძლებენ, თუმცა ამ საკითხზე მეთოდურად იმუშავებენ:

“ვფიქრობ, რომ სიტუაციები იცვლება და ამის მიხედვით ჩვენმა საქმიანობამ უფრო მეტი შედეგი უნდა გამოიღოს. ყოველ შემთხვევაში უკეთესი კანონი უნდა გვქონდეს”, – განაცხადა მან.


ეს შენ გეხება
ეს შენ გეხება

პარლამენტში ზვიად ქორიძის, ლაშა ტუღუშის, ლიკა საჯაიას და დეპუტატ შალვა შავგულიძის ავტორობით ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებებისას სამართალდამცავი უწყებების კონტროლს ითვალისწინებს. ეს საკანონმდებლო ინიციატივა შემდგომში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დაამუშავა და მისი ინიცირება განახორციელა.

დღეისათვის არსებული მდგომარეობით სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებს მსხვილი პროვაიდერი კომპანიების საკომუნიკაციო არხებთან მიერთებული აქვთ სპეციალური მოწყობილობები ე.წ. შავი ყუთები, იგივე მენეჯერის აპარატურები, რომლის მეშვეობითაც სასურველი აბონენტების მიყურადებას ახორციელებენ სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოხსენებული მოწყობილობის მეშვეობით შსს-ს ერთპიროვნულად, კონტროლის გარეშე შეუძლია ამა თუ იმ აბონენეტის (ერთდროულად ათასობით აბონენტის) კომუნიკაციებზე მიყურადება, თან ისე, რომ ამის შესახებ პროვაიდერი კომპანიებიც არ არიან საქმის კურსში, რადგან ამის საშუალებას ტექნიკურად ე.წ. შავი ყუთი იძლევა, ეს სქემა შეცვლას და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას მოითხოვს. არასამთავრობოთა კოალიციის პრინციპული პოზიციაა, რომ შსს-მ ე.წ. შავ ყუთზე პირდაპირი წვდომა დაკარგოს, რასაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ ეთანხმებიან. არასამთავრობოები ზემოხსენებული კანონპროექტით თავდაპირველად ე.წ. გასაღების პროვაიდერი კომპანიებისთვის გადაცემას ითხოვდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შსს-ს ე.წ. მენეჯერთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის მეშვეობით წვდომა დარჩება, თუმცა იმისათვის, რომ მან ამა თუ იმ აბონენტის მოსმენა დაიწყოს, სისტემაში ელექტრონული ბრძანება პროვაიდერმა კომპანიამ უნდა შეიყვანოს ისე, რომ კომპანიას თვითონ მიყურადების საშუალება არ ექნება. ამ მოდელზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიების უკან უცხო ქვეყნის მოქალაქეები დგანან და სახელმწიფო მათ ამ სისტემას ვერ ანდობს, თუმცა, ზვიად დევდარიანის თქმით, ეს არასწორი ინფორმაცია იყო, რადგან მათი სისტემის მეშვეობით თვითონ კომპანია მოსმენას ვერ განახორციელებდა, იგი მხოლოდ საკომუნიკაციო არხს გაუხსნიდა შსს-ს. ამის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ უცხოელი ექსპერტები, რომელთაგან ორი ევროსაბჭოს წარმომადგენელი იყო. მათთან კონსულტაციების შედეგად არასამთავრობო სეტქორი 2-გასაღებიან სისტემაზე ჩამოყალიბდა. ანუ იმისათვის, რომ შსს-ს საკომუნიკაციო არხი გახსნოდა და ფარული მოსმენის განხორცილება დაეწყო, “მენეჯერის” მოწყობილობისთვის ელექტრონული ბრძანება ორ მხარეს სასამართლოსა და პროვაიდერ კომპანიას უნდა მიეცა. პრემიერ-მინისტრმა და შსს-მ არც ეს ვერსია მოიწონეს. საბოლოოდ არასამთავრობოების კანონპროექტი პარლამენტში აღარ დარეგისტრირდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში შევიდა დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსმენების დაწყებისათვის საჭირო ელექტრონული ბერკეტი შსს-დან გამოდიოდა და კომუნიკაციების კომისიას გადაეცემოდა. მაგრამ პარლამენტმა ეს ინიციატივა ჩააგდო და მიიღო ბესელია-სესიაშვილი-ხმალაძის კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც, გასაღები, ანუ მოსმენის დაწყების ბერკეტი შსს-ს შეუნარჩუნდა. მიღებულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და ალტერნატიული წინადადება შესთავაზა, ასევე, სასამართლოს მონაწილეობით, თუმცა ზვიად დევდრიანის თქმით, არასამთავრობოებმა კარგად ვერ გაიგეს, რაში მდგომარეობდა პრეზიდენტის იდეა:

 

“იყო ვერსია, რომ პრეზიდენტს ხმალაძის პროექტი დაებრუნებინა, რომელსაც მანამდე უკვე უყარეს კენჭი და, შესაბამისად, უფრო რეალისტური იქნებოდა, თუ ეს ვარიანტი დაბრუნებოდა, რომ რაღაც შანსი ჰქონოდა, მაგრამ მე პირადად უფრო მეტ გასაგებობას ვისურვებდი იმ ვერსიაში, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. იქ იყო ის, რაც ჩვენც მოგვწონდა, სასამართლოს როლი, მაგრამ შსს როლზე მიყურადების პროცესში ბოლომდე ვერ გავიგეთ… შავი ყუთი სად იქნებოდა… ცალსახად არ იკითხებოდა ეს. შემდეგ პარლამენტში სადღაც გამოკრთა, რომ შსს-ში აღარ იქნებოდა…  მოკლედ,  მე ვფიქრობ, დამუშავება აკლდა. იმ დინამიკის გათვალისწინებით პროცესი როგორ მიდიოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას საკმაოდ დიდ დრო ჰქონდა, რომ ჩამოყალიებებულიყო ამ მოდელთან დაკავშირებით. ამან მისცა მმართველ გუნდს შესაძლებლობა, რომ საკუთარი მოდელის პოზიციები გამყარებინა და ვნახეთ, რომ იმ დაპუტატებმაც არ დაუჭირეს მას მხარი, რომლებიც გასაღების შსს-ში დატოვებას არ ეთანხმებოდნენ”, – ამბობს დევდარიანი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გზით წავა “ეს შენ გეხება” და რა მოდელს შესთავაზებს სამსჯელოდ საზოგადოებას, თუმცა, დევდარიანის თქმით, ის, რომ გასაღებს შსს არ უნდა ფლობდეს, კვლავ პრინციპულ საკითხად რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი