ახალი ამბები

სესიაშვილის თქმით, რუსეთის ქმედებებზე ღარიბაშვილს აზრი არ შეუცვლია

18 ნოემბერი, 2014 • • 978
სესიაშვილის თქმით, რუსეთის ქმედებებზე ღარიბაშვილს აზრი არ შეუცვლია

” მე არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე აზრი შეუცვლია. იგივე პოზიციაა მთლიანად მთავრობაში, ჩვენს ხელისუფლებაში, თითოეულ მოქალაქეში. ამ ცვლილებას თქვენ შეიძლება მის რაიმე რიტორიკას ან განცხადებას უკავშირებთ, მე ვერ ვხედავ სხვა რაიმე ცვლილებას”,- ამბობს სესიაშვილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის ივნისში ინტერვიუ მისცა ბიბისის, სადაც ამბობს, რომ ყირიმის აფხაზეთთან და ოსეთთან შედარება  დიდი შეცდომაა.

 

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. როდესაც ხალხი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციას ყირიმს ადარებს, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. რამდენადაც მე ვიცი და ჩვენი ანალიზის თანახმად, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ ორი დე ფაქტო ტერიტორიის ანექსიაში”,- ამბობდა პრემიერ-მინისტრი.

 

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველოს სურს, ნატოს წევრი სახელმწიფო გახდეს და რომ საქართველო გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე წეზოლა მოახდინოს. მან აღნიშნა, რომ  საქართველომ 2008 წელს გაიარა ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში

 

სესიაშვილის განცხადებით, უკრაინაში არსებული ვითარება საქართველოში 2008 წელს განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა.

 

“ფაქტები არის სახეზე, საერთაშორისო მოცემულობა არის სახეზე.  ეს არის ჩვენი ტერიტორიები  ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, ის, რაც უკრაინაში ხდება, მართლაც არის იმ პროცესების გაგრძელება, რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში იპოვით ქვეყნებს, რომლებსაც კონფლიქტები წარმოექმნათ სწორედ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მიზნით. ამიტომ ამას მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო უნდა აღუდგეს ერთობლივად და ჩვენ ამ პროცესის თანამონაწილე ვართ”,- განაცხადა სესიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი