ახალი ამბები

15 ნოემბერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მუსლიმი მესხების დეპორტაციის დღეა

15 ნოემბერი, 2014 • • 1738
15 ნოემბერი საბჭოთა ხელისუფლების მიერ მუსლიმი მესხების დეპორტაციის დღეა

საქართველოს მთავრობამ 1999 წელს XX საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის ვალდებულება აიღო ევროპის საბჭოს წინაშე, თუმცა აღნიშნული პროცესი ჯერ არ დასრულებულა.


“სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში განიხილავს მუსლიმი მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დეპორტირებული მუსლიმი მესხებისათვის და მათი ოჯახებისათვის სამშობლოში ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობისა და ხელშეწყობის მიზნით, საჭიროა კანონმდებლობის დახვეწა, რეპატრიაციისა და რეინტეგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესება, ასევე რეპატრირებულთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა, რაც მათ საქართველოში ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ერთ–ერთი უმთავრესი გამოწვევა არის ცნობიერების ამაღლება, როგორც დეპორტირებულ, ისე მასპინძელ საზოგადოებაში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი ავრცელებს.


2011 წლის პირველ მარტს შეიქმნა „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო“, რომლის ფუნქციებია რეპატრიაციასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება, რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა  და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და საქართველოს მთავრობის ინფორმირება რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია საბჭოს საქმიანობა იყოს აქტიური და დროულად ხდებოდეს საზოგადოებისთვის საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ საზოგადოების ინფორმირება. 


“მისასალმებელია რომ 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგია. ამასთან, აღნიშნული სტრატეგიის იმპლემენტაციისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავება დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით უნდა იქნეს მიღებული. 


საქართველოს სახალხო დამცველი აკვირდება საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების პროცესს, რათა დაცული იყოს მუსლიმი მესხების ძირითადი უფლებები დაბრუნებისა და ადგილზე ინტეგრაციის პროცესში”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მაჰმადიანი ქართველები აწყურიდან, ფოტო: ბიოლის ფონდი
მაჰმადიანი ქართველები აწყურიდან, ფოტო: ბიოლის ფონდი

მასალების გადაბეჭდვის წესი