ახალი ამბები

ომბუდსმენი: ბატიაშვილის ადვოკატის განცხადების შემდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს

4 ნოემბერი, 2014 • 1732
ომბუდსმენი: ბატიაშვილის ადვოკატის განცხადების შემდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს

ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, რომ დაკითხვა დარღვევებით მიმდინარეობდა და დაკითხვის ოქმი არ ასახავდა მინისტრის მოადგილის მიერ გაცემულ პასუხებს, ამიტომაც ალექსი ბატიაშვილმა ოქმს ხელი არ მოაწერა:

 

“როდესაც დაკითხვა დასრულდა, წარმოგვიდგინეს დაკითხვის ოქმი და საოცრება მოხდა ის, რომ დაკითხვის ოქმში საერთოდ ბატონი ალექსის მიერ აღნიშნული, ასე ვთქვათ, პასუხები, უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო. უმრავლესობა პასუხების საერთოდ იყო ამოღებული”.

 

გარდა ამისა, ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ მას შემდეგ, რაც მათ წარმოდგენილი ოქმის შინაარსი გააპროტესტეს, პროკურატურამ მათ მეორე, სახელშეცვლილი ოქმი წარმოუდგინა,

 

ალექსი ბატიაშვილი პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის მიერ კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით 3 ნოემბერს დაკითხეს.

 

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ამ პროცესში ჩართვას აპირებს:

 

“მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ადევს გრიფი საიდუმლო, სახალხო დამცველს აქვს წვდომა საიდუმლო მასალებზე. ამდენად, ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა, პირველ რიგში, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოხდეს რეაგირება იგივე პროკურორის თამანშრომლების მხრიდან,”– განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები უკვე შეხვდნენ დაკავებულებს, თუმცა უჩა ნანუაშვილი შეხვედრას თავადაც გეგმავს.

 

თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც და აღნიშნა, რომ ეს განცხადება პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს:

 

“საჯაროდ გაჟღერდა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკითხვის ოქმში არ იყო შეტანილი ის ინფორმაცია, რომელზეც საუბრობდა მინისტრის მოადგილე. შესაბამისად, ეს კითხვა პასუხის გაცემის გარეშე, რა თქმა უნდა,  არ უნდა დარჩეს და ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურა უნდა ჩატარდეს,”– განაცხადა ეკა გიგაურმა “რუსთავის 2″–თან საუბარში.

 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი ხუთივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.

მასალების გადაბეჭდვის წესი