ახალი ამბები

სტუდენტები უნივერსიტეტთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ისევ აქციით გააპროტესტებენ

16 ოქტომბერი, 2014 • 1112
სტუდენტები უნივერსიტეტთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას ისევ აქციით გააპროტესტებენ

როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ირაკლი კუპრაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, გარდა არსებული მოთხოვნებისა, რაც გაზგასამართი სადგურის მშენებლობის შეჩერებას და უნივერსიტეტისთვის დაფინანსების გაზრდას უკავშირდება, ისინი სტუდენტებზე ზეწოლასაც გააპროტესტებენ.

 

კუპრაძე ამბობს, რომ თბილისის მერიასთან გამართული აქციის შემდეგ მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე რამდენჯერმე პოლიციამ გააჩერა, თუმცა სიტუაცია მხოლოდ უკანასკნელი გაჩერებისას გამწვავდა.

 

“11 ოქტომბერს, როცა გაჩერების შემდეგ რამდენჯერმე მითხრა შსს–ს თანმშრომელმა, ,,პოლიტიკურ განცხადებებს შეეშვი, ბათუმსკიო” (ბათუმელი ვარ). ამას მოყვა ჩემი სიტყვიერი პროტესტი, რამ განაპირობა ამ ფრაზის თქმა, თუმცა პასუხი ვერ მივიღე. დამშვიდობებისას ისევ რამდენჯერმე თითის ქნევით მითხრა, “იცოდე, შენ გვიფრთხილდიო”. თან ისაა პარადოქსული, რომ 3 მეგობარი ვიყავით და აგრესია მხოლოდ ჩემ მიმართ იყო,”– ამბობს კუპრაძე

 

მისი თქმით, უკვე მიმართა გენერალურ ინსპექციას, სადაც 14 ოქტომბერს დაკითხეს. გენერალურ ინსპექციაში მას საქმის გამოძიებას დაპირდნენ.

 

“ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, რომ სტუდენტებზე ასეთი რამ არ განმეორდეს და ვინც განახორციელა, ისინი შესაბამისად დაისაჯონ,”– ამბობს კუპრაძე

 

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ტერიტორია, სადაც გაზგასამართი სადგური შენდება, ეკონომიკის სამინისტრომ 1,02 მილიონ ლარად 2013 წელს გაასხვისა. 23 სექტემბერს მერიასთან გამართული აქციის შემდეგ დავით ნარმანია სტუდენტებს დაპირდა, რომ ეკონომიკის სამინისტროსა და სტუდენტებს შორის სამუშაო შეხვედრები გაიმართებოდა, რომელშიც მერის მოადგილეც მიიღებდა მონაწილეობას.

 

კუპრაძე ამბობს, რომ შეხვედრა ეკონიმიკის მინისტრის მოადგილესთან, დიმიტრი ქუმსიაშვილთან მართლაც შედგა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

 

“21:30 საათზე დაგვინიშნეს შეხვედრა და 23:00 ზე მოვიდა დიმიტრი ქუმსიშვილი. პირიქით, გაგვაკრიტიკა, პაპავას უწყება ხართო, გვეძახა, რა რესურსიც გაქვთ, იმისთვის ვერ მოგივლიათ და მაღლივთან რა გინდათო,”– ამბობს კუპრაძე

 

მისივე თქმით, “დაიცავი თსუ” 20 ოქტომბერს, 13:00–ზე თსუ–ს პირველ კორპუსიდან  ეკონომიკის სამინისტრომდე მსვლელობას მოაწყობს. კუპრაძე ამბობს, რომ მსვლელობას უპარტიო არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შემოუერთდებიან. გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თსუ–ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამაც, სადაც მბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას.


სტუდენტების აქცია თბილისის მერიასთან, 23/09/2014, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი
სტუდენტების აქცია თბილისის მერიასთან, 23/09/2014, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი