ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ერთი მრჩევლით

16 ოქტომბერი, 2014 • • 2126
პრემიერ-მინისტრი ერთი მრჩევლით

მრჩევლების როლი დიდ პოლიტიკაში

 

ოფიციალური თუ არაოფიცალური მრჩევლები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეხმარებიან პოლიტიკურ ლიდერებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ზოგან, მაგალითად, აშშ-ში პრეზიდენტის მრჩევლების რაოდენობა ორნიშნა რიცხვზეც ადის. “ევროპული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, რომ სფეროების მიხედვით მრჩევლების სამსახურს ევროპის ქვეყნებშიც იყენებენ ლიდერები საკმაოდ წარმატებულად:


“უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ლიდერს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაეხმარებიან. ეს ყოველთვის ასე იყო ყველა ქვეყანაში და ყველა დროში”, – ამბობს გოგოლაშვილი.


მრჩევლების სიმრავლით გამოირჩეოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ცნობილია, რომ პრემიერობის დროს იგი სხვადასხვა დროს გია ხუხაშვილისგან (ეკონომიკა), თამარ ჩუგოშვილისგან (ადამიანის უფლებები), ამირან გამყრელიძისგან (ჯანდაცვა), ირაკლი მელაშვილისგან (თვითმმართველობა) და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ თომას ჰამერბერგისგან იღებდა რჩევებს. ოპოზიციაში ყოფნისას კი ივანიშვილმა მრჩეველთა სპეციალური საბჭოც შექმნა, რომელშიც 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის გიორგი მარგველაშვილიც შედიოდა. გარდა ამისა, იგი რჩევებს ამერიკელი ანალიტიკოსისგან, ლინკოლნ მიტჩელისგანაც იღებდა.

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი
ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი

ახლა ბიძინა ივანიშვილი თავად აძლევს რჩევებს ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა ოფიციალური სტატუსის გარეშე, რადგან როგორც “ბათუმელებმა” გაარკვია, პრემიერ-მინისტრს ოფიციალურად მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს – გურამ ოდიშარია, რომელსაც ამა წლის ზაფხულში კულტურის მინისტრის პოსტი დაატოვებინეს. ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავეს თამარ ჩუგოშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა (სოციალური საკითხები), თუმცა ახლა ჩუგოშვილი საქართველოში არ იმყოფება, ხოლო ნაცვლიშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.


რა რჩევებს აძლევს გურამ ოდიშარია პრემიერს


“მე ვარ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მე წარმოშობით სოხუმელი ვარ, ხშირად ჩავდიოდი იქ და სანამ მინისტრი გავხდებოდი, სახალხო დიპლომატიის პროცესში სულ ჩართული ვიყავი”, – ამბობს გურამ ოდიშარია ჩვენთან საუბარში.


“ბათუმელების” შეკითხვას, ბოლოს როდის და კონკრეტულად რა რჩევა მისცა პრემიერ-მინისტრს, ოდიშარია, რომლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დანამატთან ერთად 3750 ლარს შეადგენს, ასე პასუხობს:


“ძალიან ფაქიზი თემაა ის ურთიერთობები, რაზეც მე ვმუშაობ და მასმედიისთვის ვერ ვიტყვი. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ინტერვიუს სიამოვნებით მოგცემთ და გეტყვით, რისი თქმაც შემიძლია, მაგრამ ახლა არა”.


მრჩევლების ნაკლებობა – კვალიფიციური რჩევების ნაკლებობა


“მრჩევლების ინსტიტუტი არ არის ფიქტიური. შეიძლება ზოგიერთი თანამდებობის პირისთვის ეს გარკვეული კადრების დასაქმების შესაძლებლობა იყო, მაგრამ რეალობაში მრჩეველი არის ადამიანი, რომელსაც კონკრეტულ სფეროში შენზე, როგორც ხელმძღვანელზე უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია და ის გაძლევს გარკვეულ მიმართულებებს, რომლითაც შენ აყალიბებ საკუთარ პოლიტიკას, გამოსვლებს და ასე შემდეგ”, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი, რომელიც იმის საილუსტრაციოდ, რომ კარგი მრჩეველი საჭირო თანამდებობაა, ადამიანის უფლებების სფეროს ასახელებს, რა კუთხითაც დღეს პრემიერს რჩევებს ოფიციალურად აღარავინ აძლევს:


“თამარ ჩუგოშვილი, როდესაც ის ადამიანის უფლებების სფეროში იყო მრჩეველი, არაერთ შეხვედრას ესწრებოდა, ძალიან კვალიფიციურად გამოთქვამდა თავის შეხედულებებს და ასე შემდეგ. თამარის წასვლის შემდეგ [არასამთავრობო სექტორს] არ გვაქვს ინფორმაცია, ჰყავს თუ არა მრჩეველი ამ კუთხით. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მრჩევლის ინსტიტუტი არსებობდეს და ეს იყოს რეალური ინსტიტუტი, რომელიც დაეხმარება პრემიერს, რომ მისი გამოსვლები თუ პოზიციების ფორმირება კვალიფიციური იყოს”.


რთული სათქმელია, როგორ გამოვიდოდა პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილებებზე სიტყვით, შესაბამის თემებზე მომუშავე მრჩევლები რომ ჰყოლოდა, მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებში. ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი მანანა ქოჩლაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა გაეროში აქცენტი არასწორ საკითხზე გააკეთა:


“პრემიერმა ილაპარაკა, რომ კლიმატის ცვლილების შერბილება ძალიან მნიშვნელოვანიაო, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რაც სინამდვილეშია პრობლემა კლიმატის ცვლილების კუთხით საქართველოსთვის. მე ვგულისხმობ ადაპტაციას. ეს საქართველოსთვის ნომერი პირველი პრობლემაა. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ყველა სფეროში უნდა მოხდეს. აქ იგულისხმება სოფლის მეურნეობის ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან. იცით თქვენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექის ნაკლებობა, შესაბამისად, შესაცვლელია როგორც სოფლის მეურნეობის კულტურები, ასევე შემოსატანია წყალდამზოგი ტექნოლოგიები”, – ამბობს მანანა ქოჩლაძე.


პრემიერის საბჭოები – მრჩევლების ალტერნატივა?


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღემდე არსებობს პირდაპირ პრემიერ-მინისტრზე დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფი მრჩეველთა კაბინეტი. პრემიერის პრესსამსახურის უფროსმა სოფო მოსიძემ არ უპასუხა “ბათუმელების” შეკითხვას, გეგმავს თუ არა პრემიერი ახალი მრჩევლების დამატებს, თუ კაბინეტი მომავალშიც მხოლოდ გურამ ოდიშარიათი შემოიფარგლება. შესაძლოა, ღარიბაშვილი იმ სხვადასხვა სამთავრობო საბჭოების რეკომენდაციებით სარგებლობს, რომელიც მისი გაპრემიერების შედეგად შეიქმნა სხვადასხვა მიმართულებით. მრჩევლის ყოლა რომ თვითმიზანი არ არის და პოლიტიკურმა ლიდერებმა შესაძლოა კონსულტაცია შესაბამისი ინსტიტუციონალიზებული სამსახურებისაგან მიიღონ, ამ მოსაზრებას კახა გოგოლაშვილი და ზვიად დევდარიანიც იზიარებენ, თუმცა ეს უკანასკნელი ამბობს, რომ საბჭოები თავისი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე მრჩევლის ინსტიტუტს მაინც ვერ ჩაანაცვლებენ.


“საბჭო გარკვეული პერიოდულობით იკრიბება, შეიძლება თვეში ერთხელ, ან კვარტალში ერთხელ. რაც შეეხება მრჩეველს, ეს არის შიდა კადრი, რომელიც შენი პოზიციების ჩამოყალიბებაში გეხმარება და ამ პროცესს შესაძლოა ყოველდღიური ხასიათი ჰქონდეს. ბუნებრივია, საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში ვერ იმუშავებს”, – ამბობს დევდარიანი.


დევდარიანის მოსაზრებას გარკვეულწილად ამყარებს გურამ ოდიშარიას კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ მას პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს: “მე კანცელარიაში ვმუშაობ, გარდა ამისა, ჩვენ ტელეფონითაც ვსაუბრობთ და მესიჯებითაც”…

მასალების გადაბეჭდვის წესი