ახალი ამბები

მედეა ვასაძე: გარიცხვის გამო დუმბაძეს უსამართლობის განცდა აქვს

15 სექტემბერი, 2014 • • 1414
მედეა ვასაძე: გარიცხვის გამო დუმბაძეს უსამართლობის განცდა აქვს

მედეა ვასაძის თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ მას და პარტიის კიდევ ორ წევრს საყვედური გამოუცხადა. მისივე განმარტებით, შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი უმაღლესი საბჭოს პრეტენზიების რეალურობას შეისწავლის:

 

“საყვედური გამოგვეცხადა პარტიის სამ წევრს, მე, ალეკო ჩიტიშვილს, ასევე, ჯემალ ფუტკარაძეს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება გარკვეული მუშა ჯგუფი, რომელიც შეისწავლის ჩვენი პრეტენზიების და საკითხების რეალურობას და ჩვენი ჩართულობა ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით იქნება ძალიან აქტიური. პრემიერი ჩამოყალიბდება ამ საკითხზე და როგორც შეგვპირდა, სანდო, საიმედო ადამიანები იქნებიან ჯგუფში”.

 

ვასაძის თქმითვე, მურმან დუმაძეს უსამართლობის განცდა აქვს:

 

“მურმან დუმბაძეს გამოუცხადეს გადაწყვეტილება, რომლის მიმართ მას უსამართლობის განცდა აქვს და ამ მდგომარეობას თავისი სიმძიმე აქვს. მურმან დუმბაძემ დღეს თავისი ყოფით და საქმიანობით თავისუფლების მაღალი ხარისხი მოიპოვა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი, ამ სიმაღლიდან უკეთ მოახერხებს საკუთარი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი იტნერესების რეალიზაციას”.

 

დეპუტატის თქმით, ღარიბაშვილისთვის ცნობილი იყო იმ პრეტენზიების თაობაზე, რომელიც უმაღლეს საბჭოს ჰქონდა:

 

“ორი ვარიანტია, ან ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, ან ჩვენ უნდა დაგვარწმუნონ. დღემდე მგონია, რომ უმაღლესი საბჭოა მართალი და თუ რამე ისეთი გამოვლინდება, რომ ჩემი განეიტრალება, გადარწმუნება მოხდება, მე ბოდიშს მოვიხდი. ფრაქიის წევრები ერთ პოზიციაზე ვართ. ჩვენ ხვალიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე დავიწყებთ მუშაობას”.

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავდა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის მეთაურის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა, რის გამოც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

თავად მურმან დუმბაძის განცხადებით,  ის პარტიიდან კი არ გარიცხეს, არამედ თავად დატოვა პარტია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი