ახალი ამბები

როგორ გამოიყენებენ პაციენტები ექიმის გამოწერილ რეცეპტს

20 აგვისტო, 2014 • • 2201
როგორ გამოიყენებენ პაციენტები ექიმის გამოწერილ რეცეპტს

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, რეცეპტს ექნება სამი განყოფილება- A, B და C. A განყოფილება ექიმებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც ისინი რეცეპტის მოქმდების ვადასა და შესაძენი წამლების დასახელებასა და რაოდენობას ჩანიშნავენ.

 

ხოლო B და C ნაწილები აფთიაქებისთვის არის განკუთვნილი. B და C ნაწილზე იწერება გამოწერილი, რაოდენობიდან რა რაოდენობა შეიძინა პაციენტმა, ხოლო წამლების შეძენის შემდეგ რეცეპტს C ნაწილი სცილდება და იმ აფთიაქში რჩება, სადაც პაციენტმა წამალი შეიძინა.

 

რა ხდება მაშინ, თუ პაციენტმა ყველა წამალი ერთსა და იმავე დროს ვერ შეიძინა?

თუ თქვენ წამალი ვერ შეიძინეთ იმის გამო, რომ ფული არ გყოფნით, ან აფთიაქში ყველა საჭირო წამალი არ არის და გჭირდებათ სხვა დროს მიაკითხოთ აფთიაქს, ამის შესაძლებლობა გექნებათ. რეცეპტის B ნაწილზე იქნება წარწერა, თუ რამდენი წამალი გავქთ გამოწერილი და რა ნაწილი შეიძინეთ. B ნაწილის შემოწმების შემდეგ მომდევნო ვიზიტზე მაინც შეგეძლებათ წამლების ყიდვა.

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი განმარტავს, პაციენტს შეუძლია რეცეპტით ისარგებლოს მრავალჯერადად, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და თუ სრული რაოდენობის შეძენის შესაძლებლობა არ ექნება, ეტაპობრივად იყიდოს წამლები.

 

კითხვაზე, რა განსაზღვრავს რეცეპტის მოქმედების ვადას- პერიოდულობა თუ შესაძენი წამლების რაოდენობა, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ ექიმი თავად საზღვრავს მკურნალობის პერიოდს და რეცეპტის მოქმდების ვადასაც:

 

“[რეცეპტის მოქმდების ვადა განისაზღვრება] მკურნალობის ხანგრძლივობით. ექიმმა თუ ჩათვალა, შეიძლება იყოს დაავადება, რომლის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ერთი კვირის განმავლობაში, ამ ერთ კვირის განმავლობაში შეუძლია შეიძინოს ეს რაოდენობა ეტაპობრივად. თუ ექიმი განსაზღვრავს, რომ ეს არის ერთწლიანი კურსი, შეუძლია ისარგებლოს ერთი წლის განმავლობაში.”

 

მაგრამ, თუ პაციენტი პირველივე ჯერზე შეიძენს რეცეპტით გამოწერილ ყველა წამალს, რეცეპტი აფთიაქში რჩება. რეცეპტის მოქმედების მაქსიმალური ვადა ერთი წელია, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ქრონიკული დაავადება აწუხებს.

რა ფორმა ექნება რეცეპტს?

 

რეცეპტი ექიმის მიერ ხელით ივსება სპეციალურ ფორმაზე. მისი ლეგისლაციისთვის აუცილებელია ექიმის ან სამეციდინო დაწესებულების ბეჭედი, თუმცა რეცეპტის გამოწერისთვის საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს სერვერზე არსებულ ბაზაზე წვდომა, რათა რეცეპტის ფორმა ამობეჭდოს.

 

იმისთვის, რომ დაწესებულება ან ექიმი დარეგისტრირდეს, მან უნდა შეიყვანოს პაზაში მისი პირადი მონაცემები და სერტიფიკატის კოდი. ის, ვინც ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებს, ვერ დარეგისტრირდება.

დავით მაჭარაშვილმა “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ ექიმები რეცეპტების რაოდენობაში შეზღუდული არ იქნებიან და ამობეჭდვის დროს თითოეულ რეცეპტს ინდივიდუალური კოდი ექნება.

 

დავით მაჭარაშვილის განცხადებით, რეცეპტების ბაზას მონიტორინგის ფუნქციაც ექნება:

 

“ჩვენთან ბაზაში რჩება მონაცემები, რომ ამა და ამ პიროვნებამ ამობეჭდა ეს რაოდენობა რეცეპტის ქსელში. მას უნიკალური ნომერი ენიჭება ავტომატურად და ქსელში თუკი შეგვხვდა რაიმე რეცეპტი, რომელზეც გაგვიჩნდება კითხვა, შეგვიძლია იდენტიფიცირება მოვახდინოთ ამ ბაზით, რომელიც ექიმის მიერ არის ამობეჭდილი”.

დავით მაჭარაშვილის თქმით, სერვერის სატესტო ვარიანტი უკვე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ექიმებს რეგისტრაცია შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი