ახალი ამბები

პატიმრებისთვის ახალი, სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო გაიხსნა

30 ივნისი, 2014 • • 2197
პატიმრებისთვის ახალი, სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო გაიხსნა

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში შეიცვალა საავადმყოფოს კონცეფცია,  სრულად გარემონტდა და აღიჭურვა თამანედროვე  სამედიცინო აპარატურით, სამედიცინო პერსონალი დაკომპლექტდა 3-ეტაპიანი შერჩევის შედეგად, ხოლო ექთნებმა გაიარეს პროფესიული მომზადების სპეციალური პროგრამა.

“საავადმყოფო 80 საწოლზეა გაშლილი, აქვს დიაგნოსტიკური ბლოკი, ადიქტოლოგიის და ფსიქიატრიული განყოფილებები, მიმღები განყოფილება პაციენტის 24-საათიანი დაყოვნების შესაძლებლობით, რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დარბაზები, ასევე, ორი დამოუკიდებელი ბლოკი ქირურგიული ჩარევებისთვის”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში დამატებით განთავსებულია 57-ადგილიანი ადაპტირებული საცხოვრისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის,  ხანგრძლივი მოვლის სერვისებით.

ასევე, საავადმყოფოს შენობაში შეძლებისდაგვარად ყველგანაა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები, მათ შორის ხანმოკლე პაემნების ოთახში გაიმართა პანდუსი, ადაპტირებულია საპირფარეშოები და საშხაპე, ასევე მომზადებულია სპეციალური პალატები, სადაც ავეჯი და ინფრასტრუქტურა გათვლილია შშმ პირთა საჭიროებებზე.

სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოს გახსნა
სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოს გახსნა

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საავადმყოფო აღჭურვილია ელექტრონული, მულტიფუნქციური საწოლებით, რომლებიც პულტის მეშვეობით იმართება.

“პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, განახლებულ სამედიცინო დაწესებულებას დაემატა ობსერვაციის 3 დარბაზი, პაციენტის დაყოვნების 2 ოთახი, ასევე, სარეაბილიტაციო კაბინეტი, სადაც განთავსდება სპეციალური ტრენაჟორები, ფიზიოთერაპიის აპარატი და იმუშავებენ რეაბილიტოლოგები. ლაბორატორიული კვლევების სრულყოფის მიზნით გაფართოვდა და აღიჭურვა   კლინიკური ლაბორატორია. საავადმყოფოში ფუნქციონირებს ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიაც.

 

დიაგნოსტიკურ ბლოკს დაემატა რენტგენის, ექოსკოპიის, ელასტოგრაფიის, ენდოსკოპიის და სპირომეტრიის მოწყობილობები. აღსანიშნავია, რომ ელასტოგრაფიისთვის განკუთვნილი აპარატი, რომელიც ღვიძლის კვლევისთვის გამოიყენება, საქართველოში სულ რამდენიმეა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ აღნიშნულ საავადმყოფოშია განთავსებული. ევროკავშირის და ევროსაბჭოს დახმარებით, დაწესებულებას მალე დაემატება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც”, – აცხადებენ სამინისტროში.

  

მათივე ინფორმაციით, ინფექციურ განყოფილებაში დამონტაჟდა ჰაერის გამწოვი ბიოფილტრები, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციების გავრცელების შეზღუდვას. მთელ დაწესებულებაში გაიმართა ცენტრალური ვენტილაცია და კლიმატ-კონტროლის სისტემა. განახლდა სტომატოლოგიური კაბინეტი, სადაც სტომატოლოგიური აპარატურის გარდა, განთავსებულია რენტგენის და სასტერილიზაციო აპარატურა. ყველა სართულზე განთავსდა სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ოთახები. შეიცვალა ფანჯრები, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობის უკეთ დაცვას, ბუნებრივ განათებას და განიავებას. სრულად განახლდა ქირურგიული განყოფილება, სადაც არა მარტო სტანდარტული ქირურგიული ინტერვენციები, არამედ ლაპარასკოპიული ოპერაციებიც გაკეთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი