ახალი ამბები

საიას მიერ იდენტიფიციებული დარღვევები

15 ივნისი, 2014 • • 971
საიას მიერ იდენტიფიციებული დარღვევები

კოჟორიძის განცხადებით, მნიშველოვანი დარღვევა დაფიქსირდა კასპის N25 უბანზე: ამომრჩეველზე არ გაიცემოდა გამგებლის ასარჩევი ბიულეტენები. ჩვენი ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათილად ცნოს ყუთში აღმოჩენილი 27 ბიულეტენი. ჩვენს მიერ დაიწერა საჩივარი კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.

 

კოჟორიძის განცახდებით, დაფიქსირდა არაუფლებამოსილთა პირთა ყოფნა უბანზე. კერძოდ, ქარელის 25-ე უბანზე „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთვის“ დამკვირვებლად მონაწილეობდა „ნინო ბურჯანაზე-ერთიანი ოპოზიცია“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარლენ ლომიტაშვილი. ასევე, კასპის #22 უბანზე დამკვირვებლად მონაწილეობდა ამავე საარჩევნო სუბიექტის კასპის გამგებლობის კანდიდატი ვახტანგ გუგულაშვილი. საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად მათ დაატოვებინეს უბანი. საიამ შეატყობინა ცესკოს და აღნიშნულ პირებს გააუქმდათ დამკვირვებლად რეგისტრაცია.

 

კოჟორიძის განცხადებით, რუსთავის 82-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა. კომისიის წევრმა 2 მაჟორიტარული ბიულეტენით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ უბანზე გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისია და საუბნოს საარჩევნო კომისიის წევრს ახნა-განმარტება ჩამოართვა.


საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები დაფიქსირდა ნაძალადევის ოლქის 32-ე უბანზე.  საკონტროლო ფურცელზე არ აღნიშნეს ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო.


მარნეულის 50-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი არ ჩააგდეს ყუთში  პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ. აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა საჩივრები წარადგინეს.


არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა – აღმოჩნდა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეულ კატეგორიაზე არ არის გაცემული დევნილის ახალი მოწმობა, რის გამოც მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.


საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ხონის #24 უბანზე, ვინაიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ჰქონდათ დევნილის ახალი მოწმობები, ისინი ძველი დევნილის მოწმობებით ცდილობდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.


ცესკოს ინფორმაციით, ვინაიდან ამ პირთა ხელახალი რეგისტრაცია დასრულდა 31 მაისს და ისინი მართლზომიერად იყვნენ რეგისტრირებულნი საარჩევნო სიებში და ამ პერიოდისთვის ვერ მოესწრო მოწმობების გაცემა, ცესკომ გასცა რეკომენდაცია, რომ არ შეზღუდულიყო მათი საარჩევნო უფლება და დევნილის ძველი მოწმობის ან დევნილის მოწმობის გარეშე მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა. კოჟორიძის განცახდებით, ცესკოს აღნიშნული რეკომენდაცია წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.


ვაკის #19 უბანზე იძულებით გადაადგილებულმა პირმა დევნილის მოწმობის გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა. ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 44 საჩივარი და 56 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.


საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 – მდე დამკვირვებლით აკვირდება.

 

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი