ახალი ამბები

8 მილიონი ევრო ევროკავშირიდან საქართველოს წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად

13 ივნისი, 2014 • • 1094
8 მილიონი ევრო ევროკავშირიდან საქართველოს წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტები “წყლის მოდერნიზაცია II” გაგრძელდება თითქმის ხუთი წლის განმავლობაში და მათ ფარგლებში მიღწეული იქნება ისეთი საკვანძო ამოცანები, როგორებიცაა: არსებული წყალმომარაგების ქსელის განახლება, ქსელში ახალი მომხმარებლების ჩართვა, მომსახურების უფრო მაღალი დონის დანერგვა (უფრო ხანგრძლივი ან საერთოდ უწყვეტი წყალმომარაგება) და წყლის დანაკარგების შემცირება, რაც გააუმჯობესებს წყალმომარაგებას.

 

ამჟამად პროექტი მოიცავს 28 ქალაქს, რომლებიც შემდეგ რეგიონებში მდებარეობენ: სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია; იმერეთი, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; კახეთი; შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; სამცხე-ჯავახეთი. პროექტი მოიცავს როგორც მთავარ ქალაქებს, ასევე, პატარა სოფლებსაც.

 

პროექტის საერთო ღირებულების 80 მილიონი ევროდან ევროკავშირი უზრუნველყოფს გრანტს საერთო ოდენობით 8  მილიონი ევრო, ევროპის საინვესტიციო ბანკი – სესხს 40 მილიონი ევროს ოდენობით, ხოლო აზიის განვითარების ბანკის სესხი 32 მილიონ ევროს შეადგენს.

 

“ეს პროექტი წარმოადგენს წინა “წყლის მოდერნიზაცია I” პროექტის გაგრძელებას, რომელმაც უკვე ბევრი გაუმჯობესება მოიტანა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხში. ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს პროექტს “წყალმომარაგება და კანალიზაცია ბათუმში და მიმდებარე სოფლებში” 8.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტით,”- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

გრანტი უზრუნველყოფილია ე.წ. “სამეზობლო ინფრასტრუქტურის ინსტრუმენტის” (Neighbourhood Infrastructure Facility ) ფარგლებში, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირი გრანტების საშუალებით აფინანსებს რვა პროექტს; გრანტების საერთო მოცულობა 67.5 მლნ. ევროს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი