ახალი ამბები

დევნილთა ბინებში ხარვეზების გასასწორებლად ღარიბაშვილი დარახველიძეს 1 თვეს აძლევს

2 აპრილი, 2014 • • 1010
დევნილთა ბინებში ხარვეზების გასასწორებლად ღარიბაშვილი დარახველიძეს 1 თვეს აძლევს

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობების დათვალიერების დროს განაცხადა.

“სამშენებლო კომპანიებს აქვთ ხარვეზები და სწორად შეარჩიეთ კომპანიები. აქ სიჩქარე და ფუქსავატობა არ შეიძლება, მთავარია ხარისხიანად აშენდეს. მშენებარე კომპანიები დაისჯებიან. მოვითხოვ, გამოასწორონ ხარვეზები, სასწრაფოდ გამოასწორებინეთ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით დარახველიძეს.

 

პრემიერ–მინისტრი დევნილებსაც შეხვდა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, ვინც დევნილად იქცა:

„ეს საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის შენდება. ამდენი წლის შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი – ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. მისასალმებელია ისიც, რომ კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოგდგომოდით მხარში. ეს საცხოვრებელი კომპლექსი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ, მთავრობა დევნილების მდგომარეობით სპეკულირებაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ თქვენთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“, – მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ დევნილებს.

პრემიერმა გრძელვადიანი განსახლების პროგრამაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაისში ფართო მასშტაბის მშენებლობა დაიწყება თბილისსა და ქუთაისში. 2015 წელს კი დაიწყება კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში, ასევე, მასშტაბური მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში.

„ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ თქვენ ღირსეულად იცხოვროთ. მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდითაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის პრესსამსახურიში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 – დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამატებით 50 დევნილი დასაქმდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 8 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რის შედეგადაც დევნილ ოჯახებს 256 ბინა გადაეცემათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი