ახალი ამბები

როლანდ ახალაია: უფლის სიყვარულისთვის მასამართლებთ, ეს დიდი პატივია ჩემთვის

2 აპრილი, 2014 • • 1293
როლანდ ახალაია: უფლის სიყვარულისთვის მასამართლებთ, ეს დიდი პატივია ჩემთვის

როლანდ ახალაია მიიჩნევს, რომ მას უფლის სიყვარულისთვის ასამართლებენ. მისივე თქმით, ეს დიდი პატივია:

 

“2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო ამ ფალსიფიცირებული საქმის გამოძიება, რომლის გამოც თქვენ კანონში შეგაქვთ ცვლილება. თქვენ გინდათ, უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოთ და ვერ ხვდებით, რომ ეს დიდი პატივია ჩემთვის. მე არ დავთანხმდი “ქართულ ოცნებას” უარი მეთქვა მოგებულ არჩევნებზე, თქვენ კი, უმრავლესობა ცდილობდით არ გეცნოთ ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილება. რადგან ეს არ გამოგივიდათ, ახლა სხვა ხერხებით ცდილობთ შემიწყვიტოთ იმუნიტეტი. თქვენ ვერ შემაშინებთ შანტაჟით და სხვა ბინძური მეთოდებით. მე არაფერში მჭირდება თქვენი იმუნიტეტი, ჩემი იმუნიტეტი პატიოსნება, სამშობლოს ერთგულება და წესიერი ხალხის სიყვარულია. თქვენ დღეს ქვეყანას სიძულვილის გაღრმავებით, რევანშით და ჭორებით. საქართველოს პროკურატურა თქვენს ხელში კრიმინალური დაწესებულება გახდა, ის კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანებით გაივსო, რომელსაც რეალურად სათავეში ყაჩაღი ფარცხალაძე უდგას. მე მინდა დავით უსუფაშვილს მივმართო, ჩემს პარლამენტის თავმჯდომარეს. მე ძალიან მინდა პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ღირსეული ადამიანი, სავარძელი დროის მონაპოვარია, ხოლო ღირსება მარადიული, “-განაცხადა ახალაიამ და იქვე დასძინა, რომ  მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს სასამართლოში.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრის, როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. ახალიას ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. ბრალდების მიხედვით, როლანდ ახალაიამ, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა,  საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ 2009 წელს უკანონოდ მოითხოვა 150 000 ლარის ჩარიცხვა მოქალაქისგან და იგივე ქმედება 2009 წელს მეორედაც განახორციელა, ამჯერად ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარის ანგარიშზე ჩარიცხვა. 

 

17 მარტს უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტი პროკურატურას თანხმობას ვერ მისცემდა:


“პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ:

 

ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ); 

 

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

 

შექმნილ ვითარებაში გადავწყვიტე, მივმართო პარლამენტის ბიუროს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს კანონპროექტის ინიცირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად, რაც საქართველოს მთავარ პროკურორს საშუალებას მისცემს, ხელოვნური და არაკონსტიტუციური სამართლებრივი დაბრკოლებების გარეშე, განახორციელოს თავისი უფლებამოსილება;”

 

აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტი დღეს პრიველი მოსმენით განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი