ახალი ამბები

უმცირესობა ევროკავშირის მისიის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას მოითხოვს

20 მარტი, 2014 • • 1055
უმცირესობა ევროკავშირის მისიის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლას მოითხოვს

შეხვედრის დახურვის გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მიიღო, რომელიც მან ღია საუბრების საჭიროებით ახსნა.


საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია ამბობს, რომ შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხებთან ერთად მისიის გაძლიერებაზე ისაუბრეს:


“მას შემდეგ, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გვჭირდება მეტი ყურადღება. ლაპარაკიდან უნდა გადავიდნენ საქმეზე. ეს გულისხმობს მისიის გაძლიერებას იგივე სამხედრო კომპონენტით, ევროკავშირს აქვს ამის საშუალება და ასევე იყო დასმული საკითხი, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც არის რაიან გრისტი, არ უნდა იყოს ამ მისიაში, რომელსაც ჯერ კიდევ აგვისტოს დღეებში ჰქონდა არასასურველი და მიუღებელი პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში. ვნახოთ, როგორ გადაწყდება ეს საკითხები. პასუხები ჯერ ვერ მივიღე. მე დავინტერესდი, საგარეო საქმეთა სხვა სტრუქტურებს თუ ჰქონდათ კომუნიკაცია, რომ  დაეყენებინათ რაიან გრისტის საკითხი, რომ ის არ ყოფილიყო ამ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და ვერც ამაზე მივიღე პასუხი.”

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველოს შეუძლია ტერიტორიების ოკუპირების და დევნილების დაბრუნების საკითხის აქტუალიზაცია:


“როგორც მინიმუმ, საერთაშორისო დღის წესრიგში იმ მოთხოვნათა ჩამონათვალში, რომელიც რუსეთს წაეყენება, მოთავსდეს ევროკავშირის მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელების, კერძოდ, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლის საკითხი, იმიტომ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ამას ჩვენი მთავრობა არ აკეთებს.”

 

გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ბევრი ისეთი საკითხი განიხილეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“კითხვები იყო ძალიან საინტერესო, კომენტარები პოლიტიკოსების მხრიდან. აღინიშნა ერთიც, რომ იქიდან გადმომსვლელები გაცილებით ცუდ მდგომარეობაში არიან, ვიდრე თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან იქით გადასვლას ცდილობენ სხვადასხვა მიზეზით. ასე რომ, ეს პოლიტიკა გაგრძელდება, გაძლიერდება.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი