ახალი ამბები

რვა დეპუტატი ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტს ითხოვს

18 მარტი, 2014 • 1551
რვა დეპუტატი ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტს ითხოვს

იმპიჩმენტის მომხრე უმცირესობის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს უმრავლესობის ზოგიერთი წევრიც დაუჭერს.


„იმპიჩმენტის საკითხი რვა დეპუტატმა ჯერ კიდევ ზამთრის სესიის გახსნამდე დავაყენეთ, თუმცა მაშინ ეს საკითხი განსახილველად არ გავიდა, რადგან უმაღლესმა საბჭომ ბოლო სესია არ ჩაატარა. ახლა კი ეს თემა განვაახლეთ. იმპიჩმენტის საფუძველი ბევრია, თუნდაც ის, რომ ავთანდილ ბერიძეს არ უნდა ჩაესვა ავტომანქანების შესაძენად თანხები ბიუჯეტში და კიდევ სხვა სკანდალების გამო, რომელიც მას უკავშირდება. ამ ადამიანმა ვერ გააკეთა სწორი რეაგირება ამ საკითხებზე, რადგან ის ფიქრობს, რომ არის მხოლოდ უმრავლესობის თავმჯდომარე. ის რეგიონის ერთ-ერთი პირია და მისმა სკანდალებმა ყველა რეიტინგი მოხსნა,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ირაკლი ბარამიძე. 

 

ირაკლი ბარამიძე ამბობს, რომ თუ ავთანდილ ბერიძის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მათ უმრავლესობის წევრების მხარდაჭერის იმედიც აქვთ:


„ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, რომ არსებობენ უმრავლესობაშიც ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი თავმჯდომარის მიმართ. თუ არ დაგვიჭერენ უმრავლესობის წევრები მხარს, მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის ქმედებებზე“.

 

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თემურ კახიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს შემდეგი სხდომა 20 მარტს გაიმართება. 

 

„იმპიჩმენტის საკითხი სხდომაზე გავა, სხდომაზე გადაწყდება, ხმის მიცემა ღია იქნება თუ დახურული. თუმცა მეეჭვება, რომ უმცირესობის წევრებმა ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადასაყენებლად საკმარისი ხმები მიიღონ. განწყობა თავმჯდომარის მიმართ დადებითია“.  

 

ავთანდილ ბერიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი