ეკონომიკა

საჯარო რეესტრი: ოქტომბერში სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7,4%–ით შემცირდა

22 ნოემბერი, 2013 • • 2160
საჯარო რეესტრი: ოქტომბერში სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7,4%–ით შემცირდა

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტებიდან 96.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.3% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.917 დონეზე დაფიქსირდა.

 

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, 2013 წლის ოქტომბრის თვეში ბიზნესსუბიეტების რეგისტრირების კლება დაფიქსირდა წინა თვესთან (6.9%-ით), ხოლო ზრდა – წინა წლის იმავე თვესთან (28.0%-ით).

 

2013 წლის ოქტომბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 7.4%-ით შემცირდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10.7%-ით გაიზარდა. განსხვავებული ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა- 27.1%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა- 61.4%-ით.

 

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით, შესაბამისად, 0.913 და 1.055 დონეებზე დაფიქსირდა.

 

ოქტომბრის თვეში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის- 2 391 ერთეული, რაც რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 59.6%–ია, და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების -1 470 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 36.6%.


საჯარო რეესტრის შეფასებით, ბიზნესსუბიექტთა 96.2% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 134 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 8 კოოპერატივი და 2 სააქციო საზოგადოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი