ახალი ამბები

ნორა კვიციანი და რამდენიმე ყოფილი პატიმარი ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ

10 დეკემბერი, 2012 • 1209
ნორა კვიციანი და რამდენიმე ყოფილი პატიმარი ნასამართლეობის მოხსნას ითხოვენ

ამის შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს, 10 დეკემბერს ყოფილმა პატიმრებმა, ნორა კვიციანმა, მაია თოფურიამ, ტარიელ კამკამიძემ, კახა ქანთარიამ, ვახტანგ ნარსიამ და ზაზა დავითიამ გააკეთეს. 

 

“ამ განცხადებას ასევე უერთდებიან ირაკლი ბათიაშვილი, თემურ ჟორჟოლიანი და ცოტნე გამსახურდია,”- განაცხადა ზაზა დავითიამ, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით იხდიდა. 

 

ყოფილი პატიმრები უსამართლობად აღიქვამენ იმას, რომ ახალმა ხელისუფლებამ, განსხვავებით პარლამენტის მიერ აღიარებული პოლიტპატიმრებისგან, ნასამართლეობის სტატუსი მათაც არ მოუხსნა და თხოვნით მიმართავენ ბიძინა ივანიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, გაითვალისწინოს მათი მოთხოვნა.

 

“ჩვენი ბრალი არ არის, რომ იქამდე გავთავისუფლდით, სანამ პარლამენტი პოლიტიპატიმრთა 190 -კაციან სიას დაამტკიცებდა,”- ამბობს ზაზა დავითია. 

 

“უსამართლო იყო ჩვენი ციხეში ყოფნა და ამას ეხლა ემატება ეს სტატუსიც, სად უნდა ვეძებოთ სამართალი, ვინმე აგვიხსნის? ეს არის ჩვენთვის შემაფერხებელი გარემოება ბევრ საკითხში,”- ამბობს ნორა კვიციანი, რომელიც 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სასჯელის სრულად მოხდამდე 2 თვით ადრე, 2012 წლის 6 ნოემბერს გაათავისუფლეს.”

 

ნორა კვიციანი სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

უფლებადამცველების ნაწილი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევდა, რადგან ნორა კვიციანის დაპატიმრებას წინ უძღვოდა მისი ძმის – ემზარ კვიციანის (ყოფილი პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში) მიერ “ვარდების რევოლუციის” გზით მოსული ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხება, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან მოჰყვა სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში და კვიციანის მომხრეების განიარაღება. თავად ემზარ კვიციანი კი დღემდე მიმალვაში იმყოფება.

 

ნორა კვიციანი
ნორა კვიციანი

მასალების გადაბეჭდვის წესი