2012.05.11

ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს დიპლომატებთან განიხილავენ

დღეს, 11 მაისს, 13:00 საათზე სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” რეგიონული მედიის წარმომადგენლები შეხვდებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს და ბოლო პერიოდში რეგიონული მედიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტებს განიხილავენ.

დღეს, 11 მაისს, 13:00 საათზე სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”  რეგიონული მედიის წარმომადგენლები შეხვდებიან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებს და ბოლო პერიოდში რეგიონული მედიის მუშაობისთვის ხელშეშლის ფაქტებს განიხილავენ.

შეხვედრას დაესწრებიან ის ჟურნალისტებიც, რომლებსაც მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ხელისუფლების მხრიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოვლენების გაშუქებისას წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. გარდა ამისა, ინფორმაცია ყველა ფაქტის შესახებ ითარგმნა და უკვე გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 4 მაისს ზუგდიდის პროკურატურასთან, სადაც შსს-ის ცნობით აღმოაჩინეს ასაფეთქებელი ნივთიერება, დილიდანვე იმყოფებოდა "ნეტგაზეთის" რეპორტიორი, თუმცა მას ადგილზე გადაღების საშუალება არ მისცეს: მას ჯერ წაართვეს კამერა, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნეს, თუმცა, ამის მიუხედევად, გადაღების უფლება მაინც არ მისცეს. "ნეტგაზეთის" რეპორტიორის, ოთო დალაქიშვილის თქმით, მას ჟურნალისტურ საქმინობაში ხელს უშლიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი ადამიანები. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ადგილზე მყოფ პირებს შორის ზუგდიდის კუდ-ის უფროსი რუსლან შამახია ამოიცნეს. იმავე დღეს ზუგდიდში ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათი წაართვეს ინტერნეგამოცემა ”ლაივპრესის” ჟურნალისტს თამარ ზანთარაიას.

ინტერნეტგამოცემა tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას კი საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა 3 მაისს ფოთში ვიდეოკამერა და ჩანთა წაართვა, მოგვიანებით კი უკან დაუბრუნა. იმავე დღეს ქუთაისში, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან დახურულ შეხვედრას მართავდა შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერიძე ცემეს.

ადგილობრივი გაზეთის, "P.S."-ის ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ მაშინ განაცხადა, რომ ის ოთხმა უცნობმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცემა და წაართვა აპარატურა, რომელიც მოგვიანებით ასევე უცნობმა პირმა დაუბრუნა.

მიმდინარე წლის 24 აპრილს პრეზიდენტის დაცვის სამსახურმა ყვარელში მუშაობის საშუალება არ მისცა ”კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ჟურნალისტ ნათია დანელიშვილს. რედაქციის ინფორმაციით, ნათია დანელიშვილი ახლადგახსნილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე შესვლას და შიგნით არსებული სიტუაცის გადაღებას პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცდილობდა, თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნათია ბანძელაძემ მას ”რუსთავი 2-ის” პირდაპირი ეთერისთვის ყურება და მასალის ამ გზით მომზადება ურჩია და ტერიტორიაზე არ შეუშვა.