03.05.2012

ხელისუფლებამ ჯვრის დემონტაჟი გადაიფიქრა

რელიგია,
ხელისუფლება აღარ აპირებს მართლმადიდებელი მრევლის მიერ ნებართვის გარეშე აღმართული ჯვრის დემონტაჟს.

ჯვარი ხელვაჩაურში

ჯვარი ხელვაჩაურში

ხელისუფლება აღარ აპირებს მართლმადიდებელი მრევლის მიერ ნებართვის გარეშე აღმართული ჯვრის დემონტაჟს.

დემონტაჟისთვის მართლმადიდებელ მრევლს ერთდღიანი ვადა ხელვაჩაურის ზედამხედველობის სამსახურმა პირველ მაისს მისცა.

საუბარია ჯვარზე, რომელიც  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის მოსახლეობის მართლმადიდებელმა მრევლმა ეკლესიის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე აღმართა. ტერიტორია აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ამიტომ ზედამხედველობის სამსახურმა მიიჩნია, რომ მრევლმა ჯვარი უკანონოდ, სხვის ტერიტორიაზე აღმართა და მათ ჯვრის დემონტაჟი მოსთხოვა.

იმ დღეს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მრევლს ვადა საღამომდე მისცა, რასაც მრევლის პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება, რომელიც ორიოდ დღის წინ საკითხს  სამართლებრივად განიხილავდა, დღეს აღარ აპირებს, მრევლს ჯვარის დემონტაჟი მოსთხოვოს.

“ჩვენი სურვილიცაა, რომ ჯვარი დარჩეს”, - განუცხადა 3 მაისს გაზეთ “ბათუმელებს” ხელვაჩაურის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გია ქურიძემ.

“ჩვენი სამსახურის მხრიდან ზომები არ მიიღება. ჯერ არაფერს არ ვაპირებთ. მოსახლეობის სურვილს ვითვალისწინებთ და შევხედავთ, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი სურვილიცაა, რომ ჯვარი დარჩეს”.