ეკონომიკა

რუსეთი WTO-ში მხოლოდ პოლიტიკის გავლით

10 მარტი, 2011 • • 1042
რუსეთი WTO-ში მხოლოდ პოლიტიკის გავლით

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თითქმის დასკვნით ფაზაში შედის. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა წარმატებით შეძლო  მომავალი სავაჭრო პარტნიორების დარწმუნება მათ მნიშვნელობაში. აღნიშნულ საკითხზე წარმატებული აღმოჩნდა რუსული მოლაპარაკებები წლების განმავლობაში აქტიურ ოპონენტთან, აშშ-სთან. ამ ეტაპზე ერთადერთი დაბარკოლება, რომელიც რუსეთის ფედერაციას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისაკენ მიმავალ გზაზე ეღობება, საქართველოა.

საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკამოდ პრინციპულია. ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის მსოფლიო სავაჭრი ორგანიზაციაში  გაწევრიანების სანაცვლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში) მდებარე საბაჟო პუნქტების გაკონტროლობას ითხოვდა. თუმცა ქართული მხარის მოთხოვნის შესრულების რეალურობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

რამდენიმეწლიანი „შესვენების“ შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლები 9 მარტს შვეიცარიაში რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური მოლაპარაკების მაგიდას კვლავ მიუჯდებიან. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ქართული მხარის მოთხოვნები უცვლელია, ანუ, მისი თქმით, მოლაპარაკებების წინაპირობა ფსოუსა და როკის გვირაბთან არსებულ გამშვებ პუნქტებზე გამჭვირვალობა და ამ ადგილებზე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვების უზრუნველყოფაა.  აღსანიშნავია ისიც, რომ ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციის თხოვნით იმართება.

რას შეიძლება ველოდეთ მიმდინარე მოლაპარაკებებისაგან?

თუ რეალისტები ვიქნებით და ქართული მხარის მიერ მომავალ მოლაპარაკებაში ჩართულ ჩინოვნიკთა რანგს გავითვალისწინებთ, ნათელი ხდება, რომ მოლაპარაკებებზე გადაწყვეტილების მიმღები არც ერთი პირი არ არის წარდგენილი. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება პირველ ეტაპზე  შესაძლო დათმობებზე რუსეთის მზადყოფნას შეაფასებს და მხოლოდ შემდგომ იფიქრებს იმაზე, რეალურად ღირს თუ არა მომავალში ამ მიმართულებით უფრო წონადი ნაბიჯების გადადგმა. სავარაუდოა ისიც, რომ მოლაპარაკებებზე არც რუსული მხარე იქნება წარმოდგენილი მაღალი რანგით. რუსული მხარეც ამ ეტაპზე მხოლოდ  ქართველი კოლეგების მზადყოფნას შეაფასებს კონკრეტულ საკითხებზე შემდგომი მოლაპარაკებებისათვის. შესაბამისად, 9 მარტის მოლაპარაკებებიდან კონკრეტული შედეგის მიღება თითქმის წარმოუდგენელი ჩანს.

რა უნდა მოითხოვოს საქართველომ ზოგადად?

მას შემდეგ, რაც ქართულ მედიასივრცეში რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკებები დაანონსდა, აღნიშნულ თემაზე მრავალმხრივი შეფასებები გაკეთდა. შეფასებები კი ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდება: პირველი– საქართველომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების სანაცვლოდ მხარი უნდა დაუჭიროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას და მეორე– ქართულმა მხარემ გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ პოლიტიკური მოთხოვნები უნდა დააყენოს.

პირველი შეფასება შესაძლებელია, ერთის მხრივ, საკითხის უცოდინრობით იყოს გამოწვეული, ხოლო, მეორეს მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ შესაძლებელია ამ შეფასების უკან კონკრეტული, ვიწრო ბიზნეს-ინტერესები იდგეს. სინამდვილეში, რუსეთისაგან იმის მოთხოვნა, რომ გაწევრიანების სანაცვლოდ მის ბაზარზე ქართული პროდუქცია დააბრუნოს, არასერიოზულია, ვინაიდან ეს ფაქტი დღის წესრიგში ისედაც ავტომატურად დადგება. მას შემდეგ, რაც რუსეთი აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდება, მას სულ უფრო ნაკლები არგუმენტი ექნება ქართული პროდუქციის ემბარგოსათვის. რუსეთს ყოველთვის გაუჭირდება იმის დასაბუთება, თუ რატომ არ უშვებს პარტნიორი ქვეყნის პროდუქციას საკუთარ ბაზარზე. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაშიც კი ყველა შესაძლო შეზღუდვის საჭიროების ახსნა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგებლებს მოუწევთ არა რუსეთში მცხოვრები ქართული პროდუქციის მომხმარებლებთან, არამედ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუროკრატებთან.

რაც შეეხება კონკრეტულ, ვიწრო ბიზნეს-ინტერესებს: ცნობილი ფაქტია, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. ამ მხრივ, საინტერესო იყო ორი მომენტი-რუსეთში ხდებოდა როგორც მაღალხარისხიანი, ისე საკმაოდ მდარეხარისხიანი პროდუქციის ექსპორტირება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მდარეხარისხიანი პროდუქციის ექპორტიორებს რუსულმა ემბარგომ კარგი სამსახური გაუწია. მათმა ნაწილმა რეალურად შეძლო წარმოების პროცესისა და, ზოგადად, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, შესაბამისად, მათ ასევე შეძლეს ახალი ბაზრების მეტ-ნაკლები წარმატებით ათვისება, ხოლო ნაწილისათვის რუსული ბაზრის დაკარგვა სრული კრახი აღმოჩნდა, ვინაიდან მათ, მდარე ხარისხის პროდუქციის წარმოების გარდა, სხვა არაფერი შეეძლოთ. სწორედ ეს „მეორე ნაწილი“ დღეს კვლავ იმედით შესცქერის რუსული ბაზრის „დაბრუნებას“, რათა კვლავ მოიპოვოს „კუთვნილი ადგილი“.

სწორედ ზემოთაღნიშნულ მიზეზთა გამოა აუცილებელი, რომ საქართველომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებით არ იხელმძღვანელოს. რა თქმა უნდა, ოფიციალურად ვერ იქნება გაჟღერებული პოლიტიკური მოთხოვნები, თუმცა კულუარული მოლაპარაკებები სწორედ პოლიტიკურ მოთხოვნებზე უნდა გადიოდეს. წარმოუდგენელია, რუსული ეკონომიკა პოლიტიკის გარეშე, შესაბამისად, საქართველომ თავად არ უნდა მისცეს რუსეთს მოტყუების საშუალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი