25.04.2012

ДДТ: რუსეთის რამდენიმე ქალაქში ჩვენი კონცერტები აკრძალეს

"ძვირფასო ამხანაგებო! ჯგუფ "ДДТ"-ს კონცერტები კემეროვოს ოლქში გადადებულია. "ДДТ"- ეს თქვენი აზროვნებისთვის საზიანოა. ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ. იძინეთ მშვიდად! რუსეთის ფედერაციის ფეოდალები".

იური შევჩუკი აცხადებს, რომ ჯგუფ "ДДТ"-ს კონცერტები რუსეთის რამდენიმე ქალაქში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩარევის შედეგად გადაიდო.

"როგორც ჩანს, ჩვენს ახალ პროგრამაში "პატრიოტული ეროტიკის" ნაკლებობაა. ტიუმენში ჩვენთვის საერთოდ საკონცერტო დარბაზი არ მოიძებნა. ომსკში რომელიღაცა ადგილობრივმა მინისტრმა აუკრძალა საკონცერტო დარბაზებს ჩვენი "სასოწარკვეთილი და გამოუსწერებელი შოუს" ჩატარება. ყველა ეს მითითება და ბრძანება გაცემული იყო გაქნილი ჩინოვნიკების მიერ ტელეფონით, ისე, რომ მათ სასამართლოშიც ვერ უჩივლებ," - შევჩუკის ეს განცხადება "ДДТ"-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ამავე განცხადების პარალელურად, ვებ-გვერდზე განთავსებულია შავ-თეთრი ტელევიზორის ვიდეოკადრები "გედების ტბიდან", ამავე მუსიკისა და ასეთი ტექსტით თანხლებით:

"ძვირფასო ამხანაგებო! ჯგუფ "ДДТ"-ს კონცერტები კემეროვოს ოლქში გადადებულია. "ДДТ"- ეს თქვენი აზროვნებისთვის საზიანოა. ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ. იძინეთ მშვიდად! რუსეთის ფედერაციის ფეოდალები".

"მაგრამ ჩვენ არ შევდრკებით. დაცემა  ცოდვაა. გვჯერა, რომ ამ "ჟანგმოკიდებული წესრიგის" უშუალო ადვოკატების დაკუნთულ ჯოგს სხვა მომავალი შთანთქავს", - ნათქვამია იური შევჩუკის განცხადებაში.

"ДДТ"-ს სოლისტი იური შევჩუკი რუსეთში ბოლო დროს გამართულ აქციებში მონაწილეობდა, რომელიც უკავშირდებოდა რუსეთის დუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების პროტესტს. ის არის "ამომრჩეველთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.