კომენტარი

ვახტანგ კომახიძე: „თუ ხელისუფლებას აქვს ცნობები ჩემი აგენტობის შესახებ, გამოაქვეყნოს“

2 მარტი, 2011 • 1348
ვახტანგ კომახიძე: „თუ ხელისუფლებას აქვს ცნობები ჩემი აგენტობის შესახებ, გამოაქვეყნოს“

ვახტანგ კომახიძის ფილმს  „ესეც ჩვენი მოგებული ომი” საზოგადოებაში არაერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. `ბათუმელები” ვახტანგ კომახიძეს შვეიცარიაში დაუკავშირდა და ფილმისა და მისი მისამართით ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე შეეცადა პასუხის მიღებას.

_თქვენს ფილმთან დაკავშირებით საკმაოდ რადიკალური შეფასებები გაკეთდა. ალბათ თქვენც გაეცანით ინტერნეტში და სოციალურ ქსელზე ამ კომენტარებს. ელოდით თუ არა ასეთ რეაქციას?

_რაზეც ხელი მიმწვდებოდა, გავეცანი, პირად ფოსტაზეც მომივიდა წერილები. რადიკალური შეფასება ჰქვია, როცა ის ადეკვატურია და შინაარსობრივად უკავშირდება ფილმს. აქ მეტწილად ემოციური შეფასება იყო და მიზანმიმართული ლანძღვა-გინება. თქვეს, რომ ეს იყო ღალატი და მსგავსი შინაარსის შეფასებები… არ ვიცი, ამაზე როგორ უნდა გავაკეთო კომენტარი. იყო თუ არა ეს ღალატი? მაშინ ის რა იყო, რაც რეალურად მოხდა? ამბობდნენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი იცოდნენ. თუ ეს ყველაფერი ცნობილი იყო და იგივე ნახეს ფილმშიც, რაც ყველამ იცის, იმის გამეორებაა ღალატი და რაც მოხდა ის არ არის ღალატი?!

ჩემთვისაც ძალიან მძიმე იყო ამ ფილმზე მუშაობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო უარი უნდა მეთქვა ფილმის გაკეთებაზე და არ უნდა მეჩვენებინა. ვფიქრობ, ეს პრინციპულად გასაკეთებელი იყო. ველოდი რეაქციას, თუმცა ასეთ მიზანმიმართულ ლანძღვა-გინებას არ ველოდი. რთულია იმის გაგება, დაფიქრების ნაცვლად, ეს ლანძღვა-გინების საფუძველი რომ გახდება.

_ რატომ იყო აგრესია და რატომ არ მოხდა შინაარსობრივი განხილვა?

_ არ ვიცი, ეს კითხვა მათი მისამართით უნდა დაისვას. არის მეორე კითხვა იმ ადამიანებისგან, ვისაც უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა. რა მიმარულებით ჰქონდათ მეტის მოლოდინი? მეტი რა უნდა გამეკეთებინა? ეს ომი იყო. ერთი ღამე გავატარე სამაჩაბლოში. ჩავედი შუადღეზე და მეორე დღის შუადღეზე დავბრუნდი. რა მასალების მოპოვებაც შევძელი, ის ჩავდე. ქუჩის კადრები იქ არის? თუ ქუჩაში ადამიანების საუბარს გულისხმობენ, მე არ მყავდა იქ ოპერატორი, რომ თან გადამეღო და ადამიანებიც ჩამეწერა. ამის გარდა, იყო უსაფრთხოების მომენტიც. ომი ახალი დამთავრებულია და ირგვლივ უამრავი გაღიზიანებული ადამიანია. ქართველი ჟურნალისტის ქუჩაში სიარული და კითხვების დასმა  საფრთხეს შეიცავდა.

–       ფილმში ჩოჩიევის ინტერვიუ გქონდათ

_ ჩოჩიევის ინტერვიუ იმიტომ იყო, რომ ფილმისთვის მნიშვნელოვნად მივიჩნიე. მაშინ დავსვათ კითხვა _ პუტინისა და სააკაშვილის რატომ არ იყო? იყო ის მასალები, რაც ამ ფილმის ასაწყობად მივიჩნიე საჭიროდ. რისი თქმაც მინდოდა ამ ფილმით, ყველაფერი მასში დევს. ჩემი, პაატა ზაქარეიშვილისა და მანანა მებუკეს შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ ბავშვები, რომლებიც მაშინ დაკავებული იყვნენ, რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ჩვენ იმ ბავშვების სანახავად ჩავედით.

_ ბევრი გააღიზიანა იმან, რომ ფილმში მოჭარბებულად არის ქართველი ჯარისკაცების დამცირებისა და დაჩაგვრის კადრები, რატომ გადაწყვიტეთ ამაზე აპელირება, ეს რამდენად ეთიკურია?

_ აქ ორი კითხვაა. ერთია ჯარისკაცების დამცირების კადრები _ რამდენად არის ეს მოჭარბებულად, მგონია, რომ არ არის დიდი დოზით და ამის ჩვენება არ იყო თვითმიზანი. ამ კადრებში ისმის ტექსტები: რა გინდოდა ცხინვალში, რატომ ბომბავდით ცხინვალს… აქ ჩანს ერთი დეტალი, რომ ოსური მხრიდან ამ ჯარისკაცების მიმართ შურისძიებას აქვს ადგილი. მეორე, ამ ფაქტებში ძნელია იმის გარკვევა, ეს ოსები არიან თუ რუსები, მაგრამ მეორე მხარეც აშკარად არღვევდა საერთაშორისო ნორმებს. რამდენად არის ეს ეთიკური? ამბობენ, რომ არ შეიძლებოდა სახეების ჩვენება. ამ კადრების დიდი ნაწილი უკვე გავრცელებულია და იდენტიფიცირების თემა ღიაა. წმინდა პროფესიული კამათის თემაა ეს და ვიკამათოთ. არსებობს ეთიკის ქარტია და შესაძლებელია ეს განიხილონ. სიამოვნებით დავეთანხმებოდი ამაზე საჯაროდ საუბარს. მე თავად მაქვს პრეტენზია და ვფიქრობ, რომ არანაირი ეთიკის ნორმა არ დარღვეულა.

_ ემოციებით მანიპულირება?

_ როგორ შეიძლება ფაქტების ჩვენებით მანიპულირება? ერთი გონივრული პრეტენზია იყო ის, რომ ამ ადამიანების სახეების ჩვენება მათ ცხოვრებაში ჩარევაა. ამაზე შეიძლება ვიკამათოთ. ჯარისკაცების სახეების ჩვენება შეიძლება იყოს შეზღუდული, თუ მათ უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, მაგრამ ეს იყო გამოქვეყნებული კადრები და ჩემი მიზანი იყო, მეჩვენებინა ამ ომის ერთ-ერთი შედეგი. ეს ადამიანები ასრულებდნენ სამხედრო დავალებას და იყვნენ საჯარო პირები. ჯარისკაცი, რომელიც მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს, მას ფორმაზე სახელი და გვარი აწერია, ის საჯარო პირია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეჩვენებინა, რა ტკივილი მიაყენა მათ ომმა.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენმა სურვილმა, უფრო მძაფრად გეჩვენებინათ ომის სისასტიკე და მისი შედეგები, ადამიანებს სიმართლის განცდის შეგრძნება დაუსუსტა, შედეგად კი, მიზანი _ დავინტერესებულიყავით რას ფიქრობენ კონფლიქტის მეორე მხარეს, შეუსრულებელი დარჩა?

_ ფილმი გავაკეთე  კონფლიქტის შესახებ და უახლესი ისტორია ვაჩვენე, უფრო სიღრმეში აღარ გადავსულვარ. ეს უახლესი ისტორიის დეტალები, 2008 წლის ჩათვლით, ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. კონფლიქტის არსის თემა ამ კადრებით არ დაჩრდილულა. ფილმს აქვს თავის ქრონომეტრაჟი. 40 წუთში რის თქმაც შეიძლებოდა, ვფიქრობ, ითქვა. ეს არის ძალიან მძიმე და მწარე რეალობა. მუშაობის პროცესში მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვის აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რა უნდა ნახოს მაყურებელმა და რა _ არა?

ადამიანმა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს და საკუთარი შეცდომაც უნდა აღიაროს. მესმის, რომ ეს ადვილი არ არის.

_ კონფლიქტის მესამე, რუსულ მხარეზე რატომ არ იყო ლაპარაკი?

_ საქართველოს ხელისუფლება ყოველ დღე ამაზე ლაპარაკობს უამრავი პროპაგანდისტული ფილმით, ყველა საშუალებებით. რუსეთის როლზე ძალიან ბევრი და დიდი დოზით ითქვა. ამ ფილმით იმის თქმა ვცადე, რაც ნაკლებად იყო ცნობილი და გაჟღერებული. ფილმის მიზანი იყო, გვეთქვა ის, რაზეც ქართველი საზოგადოება ერიდება ლაპარაკს. აქედან გამომდინარე, გასაგები უნდა იყოს, რატომ არ მოვყევი ის, რაც ათასჯერ დატრიალდა ქართულ არხებზე და მედიაში. არსებობს ტალიავინის ცნობილი დასკვნა, სადაც წერია, რომ ქართულმა მხარემ, ისე როგორც რუსულმა და ოსურმა, დაარღვია საერთაშორისო ნორმები.

_ ამ ფილმის ჩვენების შემდეგ თავიდან გაჩნდა კითხვები, როგორ გადახვედი ცხინვალში…

_ ცხოვნალში ვიყავით დაჭერილი ბიჭების სანახავად. მე ეს ბავშვები გადავიღე, მაგრამ ამ მასალაზე მუშაობის საშუალება აღარ მომეცა. ამის გამო დავტოვე საქართველო. წარმატებული ტელეკომპანიების ჟურნალისტები როგორ ხვდებიან რუსეთის ხელისუფლებას _ ეს კითხვა არ დამისვამს. ჟურნალისტი ასეთ შანსს ხელიდან არ გაუშვებს. რას ნიშნავს, როგორ მოვახერხე? კითხვა იყო ისეთი ფორმულირებით დასმული, კაგებეს აგენტი ხომ არ ხარო. ბოდიში. არ ვარ აგენტი და თუ საქართველოს ხელისუფლებას ვინმეზე აქვს ასეთი ცნობა, გამოაქვეყნოს. ასეთი ბოდვები საბჭოთა სინამდვილის რეანიმაციაა _ ვიღაც არის აგენტი, იმიტომ, რომ ამას ამბობს.

_ შვეიცარიის სახელმწიფო როგორ დარწმუნეთ იმაში, რომ თავშესაფარი უნდა მოეცა?

_ მგონი საქართველოს ხელისუფლების თავხედობა იქამდე არ მივა, რომ თქვას ნაცნობობით მომცეს თავშესაფარი. თუ მათ წვლილი არა აქვთ, საქართველოს ხელისუფლება უნდა ინტერესდებოდეს, რა არგუმენტებით მიმიღეს შვეიცარიაში. მათი ინტერესი რატომღაც არ ჩანს. შვიდ თვეში მიიღეს გადაწყვეტილება, რაც უპრეცედენტოდ მოკლე ვადაა.

_ რა გეგმები გაქთ მომავალში _ აპირებთ თუ არა ჟურნალისტური საქმიანობის გაგრძელებას?

_ ჟურნალისტიკა თავისუფალი პროფესიაა და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად გამოვიყენებ მას.

მასალების გადაბეჭდვის წესი