ეკონომიკა

სამშენებლო მასალები ძვირდება

17 თებერვალი, 2011 • • 7162
სამშენებლო მასალები ძვირდება

სურსათზე ფასების მატების შემდეგ, სამშენებლო მასალების ჯერიც დადგა. საქართველოში სამშენებლო მასალების რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებს, რომელთაგანაც რამდენიმე უშუალოდ არმატურას აწარმოებს.

„ევრაზიან სტილი“ არმატურას ქუთაისში აწარმოებს. აღნიშნული კომპანიის განცხადებით, მათთან არმატურის ფასმა მოიმატა, რაც რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. პირველ რიგში, მოიმატა ლითონის ფასმა, ჯართიც გაძვირდა. იმის გამო, რომ უკრაინასა და თურქეთში ფასებმა მოიმატეს, ეს ფაქტი საქართველოზეც აისახა. ამასთანავე, გაიზარდა არმატურის თვითღირებულებაც, ვინაიდან ნედლეულის ფასი საკმაოდ გაძვირდა. როგორც „ევრაზიან სტილმა“  ნეტგაზეთს განუცხადა, ზოგადად, მასალის ფასი დამოკიდებულია გაყიდულ მთლიან რაოდენობაზე, გადახდის პირობებსა და არმატურის ზომაზე. დღეისათვის „ევრაზიან სტილის“ არმატურის ფასები 820–860 დოლარის ფარლებში მერყეობს, იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით ყიდიან აღნიშნულ მასალას. შესაბამისად, 3000 და 25  ტონა არმატურის ფასი განსხვავებულია.

როგორც „ქართული ფოლადმა“  ნეტგაზეთს განუცხადა, ბოლო თვენახევრის განმავლობაში ისინი ფასებს ინარჩუნებენ და მათთან ერთი ტონა არმატურის ფასი 800 დოლარს შეადგენს.

კომპანია „აგი ინვესტში“, რომელიც ბათუმში ფუნქციონირებს, ამბობენ,  რომ ბოლო პერიოდში მათთან  სამშენებლო მასალაზე ფასმა მოიმატა და ერთი ტონა არმატურა 1593 ლარი ღირს.

კომპანია „ორიონში“ აცხადებენ, რომ არმატურის ფასმა მათთანაც მოიმატა, გამომწვევი მიზეზი კი მომწოდებლის მხრიდან ფასის მომატება გახლავთ. „ორიონი“ არმატურის რეალიზაციას ეწევა. დღეისათვის კომპანიაში არმატურის ფასი 860 – 880 დოლარის ფარგებში მერყეობს. მისი განცხადებით, ფასების მატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ნედლეულის გაძვირებასა და დისტრიბუციაზე. როგორც „ორიონმა“ განგვიცხადა, მარტის თვეში  კომპანიაში არმატურის ფასი, სავარაუდოდ,  950 დოლარს მიაღწევს. მათი თქმით, გაძვირება გლობალურმა ფაქტორებმა გამოიწვიეს. სამშენებლო სექტორის მხრივ, ჩინეთი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბაზარზე გადაერთო, შესაბამისად, ევროპულ ბაზარზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და მასალებზე  ფასებმაც მოიმატეს. აქვე, როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნეს, ფასების ზრდის ტენდენცია 2011 წლის დეკემბრამდეა მოსალოდნელი.

არმატურის ფასები „რეალ ჯორჯიამაც“ გაზარდა, რაც, მათი განმარტებით, პირველ რიგში, ენერგომატარებლების გაძვირებამ გამოიწვია. გაძვირდა კოქსი, რომელიც მეტალის გახურების და დამზადების ძირითადი კომპონენტია.

არმატურის ფასთან ერთად ცემენტის ფასითაც დავინტერესდით. როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში კომპანია  „ბადენმა“  აღნიშნა, მათთან ცემენტის ფასი სტაბილურია და არ გაძვირებულა. მისი ღირებულება 169 ლარს შეადგენს.

„ალგეთშიც“ ამბობენ, რომ მათთან ცემენტის ფასი არ მომატებულა და 50 –კილოგრამიანი 400 –მარკიანი ცემენტი 10.50 ლარი ღირს.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბარში „კავკასცემენტმა“ აღნიშნა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მათთან ცემენტის ფასმა მოიმატა და ერთი ტონის ღირებულება 160 ლარამდე გაიზარდა, გაძვირებამდე კი მისი ფასი 145 ლარი გახლდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი