ახალი ამბები

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

16 თებერვალი, 2011 • 3594
სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგლობლობა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს იოსებ ლობჟანიძეს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს გელა ჩივიაშვილს, სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ანა წიქარიშვილს, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს მამუკა შალამბერიძეს და სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის სამსახურის უფროსს თეიმურაზ გოგოლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიესაჯათ, სადზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ამბროლიანი და სახელმწიფო პროგრამების მენეჯერი  გივი წულეისკირი კი სასამართლომ 2000–2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღნიშნული პირები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 14 თებერვალს დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ამავე საქმეზე კიდევ 9 ადამიანი დააკავეს, თუმცა მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე არ შესულა.

გამოძიების მტკიცებით, დაკავებულებმა ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, სადაზღვევო კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით და მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით არ დაარიგეს სოციალურად დაუცველი ფენებისათვის განკუთვნილი სადაზღვევო პოლისები და, შესაბამისად, თავი აარიდეს გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს, რის შედეგადაც უკანონოდ მიითვისეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 5 მილიონ  700 ათას ლარზე მეტი სადაზღვევო პროგრამისათვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხა.

ასევე, გამოძიების ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია „ალფას“ სახელმწიფო პროგრამების შესყიდვებისა და მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი ამბროლიანმა და სახელმწიფო პროგრამების მენეჯერმა გივი წულეისკირმა საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიებისას სადაზღვევო კომპანია „ალფას“ დაკითხულ თანამშრომლებზე ზემოქმედების მიზნით განახორციელეს ამ უკანასკნელების მიმართ მუქარა და მოსთხოვეს, რომ საგამოძიებო სამსახურისათვის დაემალათ მათთვის ცნობილი ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების დაგვიანებით დარიგების თაობაზე.

ლობჟანიძის, წიქარიშვილის, ჩივიაშვილის, შალამბერიძის, გოგოლაძის, ამბროლიანისა და წულეისკირის საქმეების არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი