12.04.2012

შსს-ს კვლევა ავტო-საგზაო სამართალდარღვევებზე

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი ადმინისტრაციულ ავტო-საგზაო სამართალდარღვევათა 2011 წლის სტატისტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი ადმინისტრაციულ ავტო-საგზაო სამართალდარღვევათა 2011 წლის სტატისტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის მიზანი არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების გამოვლენა /ანალიზი და სამომავლო განვითარების შესაძლო მიმართულებების პროგნოზირებაა.

სამართალდარღვევათა რაოდენობის მხრივ, შსს-ს ინფორმაციით, როგორც აბსოლუტური, ასევე ხვედრითი წილის მიხედვით, "ლიდერობს" თბილისი /მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა, კვლევის მონაცემის მიხედვით, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშია.

შსს ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსაც ასახელებს - სიჩქარის გადაჭარბება, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა ან მობილურით სარგებლობის წესების დარღვევა და სიმთვრალე.

შსს-ს ინფორმაციით, უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობა ან მობილურით სარგებლობის წესების დარღვევა მინიმალურია იმერეთის რეგიონში, რაც სამინისტროს აზრით, ჩქაროსნულ ტრასებზე ამ მიმართულებით გაძლიერებული ადმინისტრირების ეფექტიანობას უკავშირდება.

შსს თავის კვლევაში ავტო-საგზაო სამართალდარღევათა კუთხით ყურადღებას გენდერულ ფაქტორზეც ამახვილებს. 

"გამოვლენილ სამართალდარღვევათა პროცენტული თანაფარდობა გენდერული კუთხით შეადგენს 91% / 9%-ზე მამაკაცების "სასარგებლოდ".

დამრღვევთა შორის ასაკობრივი გრადაციით, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, "ლიდერობს" 31-40 წლის პირთა სეგმენტი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალებთან მიმართებაში  ალკოჰოლური სიმთვრალით გამოწვეულ სამართალდარღვევების კუთხით "ლიდერობენ" 50 წელს გადაცილებული ქალბატონები,"- ნათქვამია შსს-ს კვლევის ანალიზში.